NATO-რუსეთი

UK-ს თქმით, რუსულმა სადაზვერვო გემმა სამეფოს პილოტების წინააღმდეგ ლაზერები მიმართა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო-სადაზვერვო ხომალდმა, სახელად Yantar-მა, სამეფოს საჰაერო ძალების (RAF) პილოტებს პირველად მიმართა ლაზერები. 

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაში ხომალდი გაერთიანებული სამეფოს "ფართო წყლებში" შოტლანდიის ჩრდილოეთიდან უკვე მეორედ შემოვიდა. 

ჰილის თქმით, გაერთიანებულმა სამეფომ ახლომდებარე წყლებში რუსული ხომალდის გამოჩენის შემდეგ ქვეყნის საჰაერო ძალების თვითმფრინავები და საზღვაო ფრეგატი გაგზავნა. თავდაცვის მინისტრის თქმით, Yantar-ის ძირითადი დანიშნულება სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება და გაერთიანებული სამეფოს წყალქვეშა კაბელების ლოკაციის განსაზღვრაა. 

თავდაცვის მინისტრმა Yantar-ის მხრიდან გაერთიანებული სამეფოს პილოტებისთვის ლაზერების დამიზნება "უკიდურესად საშიშ" მოქმედებად შეაფასა და თქვა, რომ მთავრობამ ეს "განსაკუთრებული სერიოზულობით" მიიღო. 

მინისტრმა დაამატა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის ხომალდის აქტივობაზე დაკვირვებას განაგრძობს და Yantar-ის კურსის შეცვლის შემთხვევაში "სამხედრო მოქმედებებისთვის მზად არიან."

"ჩემი გზავნილი რუსეთისა და პუტინისთვის შემდეგია: ჩვენ გხედავთ. ვიცით, რასაც აკეთებთ და თუ Yantar ამ კვირაში სამხრეთისკენ განაგრძობს სვლას, ჩვენ მზად ვართ." - თქვა მინისტრმა.

პრესკონფერენციაზე საუბრისას თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მან სამეფოს სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო მოქმედებების წესები შეცვალა, რათა მათ ახლომდებარე წყლებში შესულ Yantar-ზე უფრო ახლოდან დაკვირვების საშუალება ჰქონდეთ.

კომენტარები