აშშ-სომხეთი

ერევანში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე და ფაშინიანი შეხვდნენ

https://www.primeminister.am/

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ელისონ ჰუკერი სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ერევანში შეხვდა. შეხვედრაში ჰუკერისა და ფაშინიანის დელეგაციებიც მონაწილეობდნენ. 

ჰუკერმა X-ზე დაწერა, რომ "პროდუქტიული საუბრები ჰქონდა აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების შესახებ პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან, უშიშროების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვაჰან კოსტანიანთან და ეროვნული ასამბლეის ვიცეპრეზიდენტ რუბენ რუბინიანთან".

"შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რათა ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის (TRIPP) განვავითაროთ, აშშ-სომხეთის ორმხრივი მემორანდუმები შევასრულოთ და პრეზიდენტ ტრამპისა და ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობის ქვეშ დამატებით მშვიდობა და კეთილდღეობა მოვიტანოთ. ახლა კი - ბაქოში!" - წერს ჰუკერი.

სომხეთის პრემიერმინისტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ფაშინიანი "მიესალმება სომხეთში ჰუკერის ვიზიტს" და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ბოლო პერიოდში ახალ დონემდე ავიდა. გარდა ამისა, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობების მხრივ "მდიდარი დღის წესრიგი" შეიქმნა, რომელიც "მრავალ სფეროსა და მიმართულებას მოიცავს". 

როგორც განცხადებაში წერია, ჰუკერმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამიტის შეთანხმებების შესასრულებლად და  ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის (TRIPP) განსავითარებლად სამუშაო ჯგუფები შეიქმნა. ამავე განცხადების მიხედვით, ჰუკერმა აღნიშნა, რომ ერევანს "ვაჭრობის, ინვესტიციის, ინფრასტრუქტურის, რეგიონული კავშირგაბმულობისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაზრდის განსახილველად ეწვია".

"შეხვედრის დროს თანამოსაუბრეებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ მიღწეული შეთანხმებების იმპლემენტაციას, სამუშაო ჯგუფების აქტივობას, TRIPP-ის პროექტის შესრულებას და მომავალ პროგრამებს ეხება". - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, აგვისტოში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ექსკლუზიური უფლებები მიენიჭა, რათა აშშ-მ უხელმძღვანელოს პროექტ "ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" (TRIPP), რომელიც სომხეთის გავლით აზერბაიჯანს ნახიჩევანის ექსკლავთან დააკავშირებს.

ფაშინიანის მიხედვით, პროექტი, რომელიც ერთობლივი სომხეთ-ამერიკული კომპანიის შექმნასაც მოიცავს, სომხეთის იურისდიქციის ქვეშ სატრანსპორტო დერეფნის შექმნას ისახავს მიზნად.

ფაშინიანის თქმით, სომხეთი 49-წლიანი ან 99-წლიანი საიჯარო ხელშეკრულების "ორ სცენარს" განიხილავს, რადგან ინვესტორებს მომგებიანობისთვის გრძელვადიანი გარანტიები სჭირდებათ. 

დერეფნის შექმნის გეგმა აგვისტოში ვაშინგტონში გამართულ სამიტზე მიღწეული სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი იყო. პროექტი ასევე მოიცავს სარკინიგზო ხაზების, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენების, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებისა და გზების გაყვანის ინიციატივებსაც. 

კომენტარები