გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ საშეღავათო პერიოდი გაახანგრძლივა რუსული ნავთობკომპანია Lukoil-ის გარკვეულ ტრანზაქციებზე იმ ფონზე, როცა კომპანია უცხოურ მთავრობებთან და პოტენციურ მყიდველებთან ძალისხმევას აძლიერებს საკუთარი საერთაშორისო აქტივების გაყიდვის მიზნით.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა 13 დეკემბრამდე ლიცენზია გამოსცა გარკვეული ტრანზაქციებისთვის, რომელიც ეხება კომპანიის საერთაშორისო აქტივების გაყიდვას. ამასთან, დეპარტამენტმა 29 აპრილამდე ცალკე საშეღავათო პერიოდი გამოაცხადა შეთანხმებებისთვის, რომელიც ბულგარეთში Lukoil-ის ობიექტების გაყიდვას ეხება.
გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-ს მაღალჩინოსნებს უნდოდათ, რომ მეტი დრო მიეცათ შეთანხმებებზე მოლაპარაკებების დასასრულებლად და კომპანიის აქტივების მფლობელობის ალტერნატიული სტრუქტურების განსახილველად, რის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება, რომ კომპანიის აქტივებმა მუშაობა არარუსული კონტროლის ქვეშ გააგრძელონ.
მანამდე გამოცემა Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსულმა ნავთობკომპანიამ, Lukoil-მა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტს სთხოვა, გაახანგრძლივოს ვადა, რომელიც 21 ნოემბრის შემდეგ რუსულ კომპანიასთან ტრანზაქციებს კრძალავს.
წყაროების თქმით, Lukoil-ს მეტი დრო სჭირდებოდა არსებული ვალდებულებების დასახურად და აქტივების გლობალური ქსელის შესყიდვაზე წამოყენებული შემოთავაზებების შესასწავლად.
ცნობისთვის, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ორი უმთავრესი რუსული ნავთობკომპანიის, Lukoil-ისა და Rosneft-ის წინააღმდეგ, ახალი სანქციები ოქტომბერში გამოაცხადა.
ამავდროულად, OFAC-მა გამოსცა ზოგადი ლიცენზია, რომელიც კომპანიებს Lukoil-თან ბიზნეს გარიგებების დასამთავრებლად ვადას 21 ნოემბრამდე აძლევდა, მათ შორის ნავთობკომპანიის საერთაშორისო აქტივების შესასყიდადაც, თუმცა, ეს ლიცენზია ახლით ჩანაცვლდა და ვადამ 13 დეკემბრამდე გადაიწია.
Lukoil-მა, რომელზეც ნავთობის გლობალური წარმოების დაახლოებით 2% მოდის, 27 ოქტომბერს დაადასტურა, რომ საკუთარი საერთაშორისო აქტივების გასაყიდად მყიდველებს ეძებდა და საჭიროების შემთხვევაში OFAC-ის ლიცენზიის გახანგრძლივებას მოითხოვდა.
აქამდე Lukoil თანახმა იყო, რომ საკუთარი საერთაშორისო აქტივები შვეიცარიული კომპანია Gunvor-ისთვის მიეყიდა, თუმცა გარიგება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა Gunvor-ს "კრემლის მარიონეტი" უწოდა, რითაც მიანიშნა, რომ ვაშინგტონი შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა.
მას შემდეგLukoil-ს საერთაშორისო საქმიანობას შეფერხებები გაუხშირდა და კომპანიამ ფორსმაჟორიც კი გამოაცხადა ერაყის West Qurna 2-ის ნავთობსაბადოზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია და Lukoil-ის ყველაზე მსხვილ საერთაშორისო აქტივს წარმოადგენს.





