გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელმა, რიჩარდ ნაიტონმა BBC-სთან საუბრისას თქვა, რომ ბრიტანეთი ბელგიას მისი საჰაერო სივრცის დამრღვევი დრონების მოსაგერიებლად სამხედრო დახმარებას გაუგზავნის.
როგორც ნაიტონმა აღნიშნა, ჯერჯერობით უცნობია, ბელგიის საჰაერო სივრცე რუსეთმა დაარღვია თუ არა, თუმცა "სარწმუნოა", რომ ამ შემთხვევების უკან მოსკოვი იდგეს.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელმა გამოცემას განუცხადა, რომ მისმა ბელგიელმა კოლეგამ დრონებთან გასამკლავებლად დახმარება სთხოვა, რისთვისაც აღჭურვილობასა და სპეციალისტებს გაუგზავნიან.
"გასული კვირის ბოლოს მე და [გაერთიანებული სამეფოს] თავდაცვის მინისტრი შევთანხმდით, რომ ბელგიას ჩვენს ხალხსა და აღჭურვილობას გავუგზავნით, რათა დავეხმაროთ". - თქვა ნაიტონმა.
ნაიტონმა თქვა, რომ გაერთიანებული სამეფო NATO-ს მოკავშირეებთან ერთად ბელგიას "აღჭურვილობისა და შესაძლებლობის მიწოდებით" დაეხმარება.
BBC-სთან საუბრისას ნაიტონმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ამჟამად ევროპის წინაშე არსებული "ყველაზე მწვავე საფრთხეა". მანვე დაამატა, რომ რუსეთს საბოტაჟი და მკვლელობები გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზეც მოუწყვია და ჰიბრიდული ომი არის სფერო, რომელშიც ბრიტანეთი უნდა "გაძლიერდეს".
მანამდე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ასევე თქვა, რომ გერმანია ბელგიას დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობის დაეხმარებოდა.
ცნობისთვის, 6 ნოემბერს ბელგიის მთავარმა აეროპორტმა დაახლოებით ერთი საათით მუშაობა შეაჩერა მას შემდეგ, რაც საჰაერო სივრცეში მორიგი დრონი შენიშნეს, რაც ერთი კვირის განმავლობაში მესამე შემთხვევა იყო.





