ამოუცნობი დრონები ევროპაში

ბელგიაში სამხედრო ბაზის თავზე ახალი ამოუცნობი დრონი შენიშნეს

ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა განაცხადა, რომ ბელგიის პოლიცია კლაინე-ბროგელის ავიაბაზის თავზე შემჩნეული ახალი ამოუცნობი დრონის საქმეს იძიებს. ბოლო დროს ქვეყანაში სამხედრო ობიექტებზე სხვა დრონებიც შენიშნეს. 

ფრანკენმა X-ზე დაწერა, რომ კლაინე-ბროგელის ავიაბაზაზე შემჩნეულ ამოუცნობ დრონს ვერტმფრენი და პოლიციის მანქანები აედევნა, თუმცა დრონის დაჭერა ვერ მოხერხდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ დრონის ჩამოგდება ვერც დრონების ჩამხშობმა სისტემამ შეძლო.

"ეს არ იყო ჩვეულებრივი გადაფრენა, არამედ პირდაპირი ბრძანება, რომლის სამიზნეც კლაინე-ბროგელის  ავიაბაზა იყო." - თქვა ფრანკენმა.

მანამდე, 3 ოქტომბერს, ბელგიურმა გამოცემამ VRT-მა განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ელსენბორნის სამხედრო ბაზის თავზე ღამის განმავლობაში 15 ამოუცნობი დრონი შენიშნეს.

თავდაცვის ექსპერტის თქმით, "შემთხვევით, დრონების აღმოსაჩენად მოწყობილი იყო ბელგიური სატესტო სისტემაც და ამ სისტემამაც შენიშნა 15 დრონი." 

"ძალიან უცნაური ინციდენტია, რადგან ელსენბორნის ბაზაზე ბევრი "სათვალთვალო" არაფერია. კლეინე-ბროგელის საჰაერო ძალების ბაზა, სადაც ამერიკული ბირთვული იარაღი ინახება, უფრო აშკარა სამიზნე იქნებოდა. მანამ, სანამ უცნობია [დრონების] წარმომავლობა, ან ვინ მართავდა მათ, რთულია განისაზღვროს, თუ ვინ დგას ამის უკან. რა თქმა უნდა, ეს აჩვენებს, რომ არსებობს კარგი სისტემების საჭიროება, რომლებსაც მსგავსი მცირე ზომის დრონების აღმოჩენა, მეთვალყურეობა და იდენტიფიცირება შეუძლიათ," თქვა თავდავის ექსპერტმა იანს ფრანსენმა. 

პარალელურად, იმავე ღამეს ამოუცნობი დრონების შემჩნევის გამო გერმანიის მიუნხენის აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა, რის შედეგადაც ათეულობით რეისი გადაიდო და 3 000-მდე მგზავრი შეფერხდა. 7 ოქტომბერს, დილის საათებში, აეროპორტის მუშაობა უკვე აღდგენილი იყო.

კომენტარები