ლუვრის მუზეუმის ძარცვა

აუდიტი: ლუვრმა ზედმეტი დახარჯა ხელოვნების ნიმუშებზე და არასაკმარისი – უსაფრთხოებაზე

Kiran Ridley/Getty Images

საფრანგეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ ლუვრმა ზედმეტად ბევრი დახარჯა ახალი ხელოვნების ნიმუშების შეძენაზე და ბოლო წლების განმავლობაში არასაკმარისი თანხა გამოყო უსაფრთხოებაზე. 

ქვეყნის უმთავრესი აუდიტის სამსახურის, Cour des Comptes-ის პრეზიდენტმა, პიერ მოსკოვიჩიმ 6 ნოემბერს აღნიშნა, რომ 2018 წლიდან 2024 წლამდე "მნიშვნელოვანი დაგვიანება" იყო მუზეუმის ტექნიკური ინფრასტრუქტურის განახლება-აღდგენისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად რეკომენდებული ზომების დანერგვის კუთხით. 

"მუზეუმი პრივილეგიას ანიჭებდა ხილვად და მიმზიდველ ოპერაციებს - კერძოდ, ნიმუშების შეძენასა და მუზეუმის დიზაინის შეცვლას, შენობისა და ტექნიკური ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით, დაცვისა და უსაფრთხოების, მოვლისა და რემონტის ხარჯზე," თქვა მოსკოვიჩიმ. 

გამოცემა Financial Times-ის ცნობით, აუდიტის სამსახურმა აღნიშნული ანგარიში ლუვრის გაძარცვამდე მოამზადა, თუმცა მასში ხაზგასმული იყო მუზეუმის რემონტის მხრივ არსებული მუდმივი დაგვიანებები. 

საფრანგეთის მთავარი მუზეუმი - ლუვრი - 19 ოქტომბერს გაძარცვეს. საფრანგეთის კულტურის სამინისტროს ცნობით, ქურდების სამიზნე ლუვრის აპოლოს გალერეა იყო, სადაც საფრანგეთის სამეფო ძვირფასეულობა ინახებოდა.

მას შემდეგ საფრანგეთში ლუვრის ძარცვის საქმესთან დაკავშირებით ჯამში 7 ადამიანი დააკავეს, მათგან სამი ბრალდების გარეშე გაათავისუფლეს, ოთხს კი ბრალი ფორმალურად წარუდგინეს. 

კომენტარები