რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ვუჩიჩის თქმით, სერბეთი მზადაა, ევროკავშირს საბრძოლო მასალა მიჰყიდოს

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი
Michal Cizek/AFP/Getty Images

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა გერმანულ გამოცემა Cicero-ს განუცხადა, რომ სერბეთის საბრძოლო მასალის საცავები "სავსეა" და შესაძლებელია მათი ევროპელი პარტნიორებისთვის მიწოდება.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლიათ თუ არა მყიდველებს აღნიშნული საბრძოლო მასალის უკრაინაში გაგზავნა, სერბეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ "მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც თავად სურთ." 

"ჩვენი საცავები საბრძოლო მასალით სავსეა და განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნაღმმტყორცნების ჭურვებს ვაწარმოებთ. საფრანგეთზე მეტ საბრძოლო მასალას ვაწარმოებთ. [...] ევროპას საბრძოლო მასალა სჭირდება. ამიტომაც, ჩვენს მეგობრებს ევროკავშირში შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმება და, რაც გვაქვს, ყველაფრის წაღება შევთავაზე. ეს ევროპის უსაფრთხოებაში ფენომენალური წვლილის შეტანის შესაძლებლობა იქნება." - თქვა ვუჩიჩმა.

ვუჩიჩს თქმით, სერბეთი "არასდროს იმოქმედებს ევროკავშირის ინტერესების წინააღმდეგ" და დაამატა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბრების დროს ხშირად უთქვამს, რომ სერბეთი ევროკავშირის წევრობის გზაზეა.

"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სერბეთი სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალურია, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ევროპულ სამხედრო ძალებთან," დაამატა მან.

2025 წლის მაისში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (СВР) სერბეთი, ბელგრადის გამოცხადებული ნეიტრალიტეტის მიუხედავად, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში დაადანაშაულა. 

რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ სერბეთის თავდაცვის სექტორის რამდენიმე წამყვანი კომპანია საბრძოლო მასალის მიწოდებაში იყო ჩართული. ვუჩიჩმა მაშინვე უარყო ბრალდებები და თქვა, რომ "ზოგიერთი განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება."

კომენტარები