რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (СВР) სერბეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში დაადანაშაულა.
СВР ამის შესახებ პრესრელიზს ავრცელებს, რომლის სათაურია "სერბეთის სამხედრო მრეწველობა რუსეთის ზურგში სროლას ცდილობს". რუსეთი ირწმუნება, რომ "ოფიციალური ბელგრადის მიერ გამოცხადებული "ნეიტრალიტეტის" პოლიტიკის მიუხედავად" სერბეთი უკრაინას საბრძოლო მასალით ამარაგებს.
რუსეთის დაზვერვის მტკიცებით, "სერბეთის შეტანილი წვლილი დასავლეთის მიერ წამოწყებულ ომში" "ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისთვისა და ჰაუბიცებისთვის ასი ათასობით ჭურვსა და სასროლი იარაღებისთვის მილიონობით ტყვიას შეადგენს".
"ამგვარ მომარაგებას ძნელად თუ განვუსაზღვრავთ "ჰუმანიტარულ მიზნებს". მათ ერთი თვალნათელი დანიშნულება აქვთ - რუსი სამხედროებისა და რუსეთის სამოქალაქო მოსახლეობის მოკვლა და დახეიბრება". - ირწმუნება СВР.
რუსეთის დაზვერვა ირწმუნება, რომ სერბეთის თავდაცვის კომპანიები "სიკვდილის კონვეიერში" მონაწილეობენ. СВР-ის მტკიცებით, სერბეთმა "დაივიწყა იმის შესახებ, თუ ვინ არის მათი ნამდვილი მეგობარი და ვინ - მტერი" და "რუსეთი სერბების ისტორიის ყველაზე კრიტიკულ მომენტებში მათ არაერთხელ დახმარებია".
"ჩნდება შთაბეჭდილება, რომ სერბ თავდაცვის მწარმოებლებსა და მათ მფარველებს მოძმე სლავი ერების სისხლით გამდიდრების სურვილმა აიძულათ, სრულად დაევიწყათ იმის შესახებ, თუ ვინ არიან მათი ნამდვილი მეგობრები და ვინ - მტრები". - წერია СВР-ის განცხადებაში.
СВР-ის მტკიცებით, სერბეთი უკრაინას საბრძოლო მასალას შუამავალი ქვეყნების გავლით აწვდის, რომელთა შორის რუსეთის დაზვერვა ჩეხეთს, პოლონეთსა და ბულგარეთს ასახელებს. სამსახური ასევე ირწმუნება, რომ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება საბოლოო მომხმარებელთან დაკავშირებული დოკუმენტების გაყალბებით ხერხდება.





