ბელგიური გამოცემა VRT წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ელსენბორნის სამხედრო ბაზის თავზე ღამის განმავლობაში 15 ამოუცნობი დრონი შენიშნეს. ბელგიის თავდაცვის მინისტრი, თეო ფრანკენი ადასტურებს, რომ სამინისტრო ინციდენტს იძიებს.
"გასული ღამის დაახლოებით 1:45 საათზე, გერმანიის ქალაქ დიურენში ადგილობრივმა პოლიციამ 15 დრონი შენიშნა," თქვა თავდაცვის ექსპერტმა იენს ფრანსენმა და დაამატა, რომ "ისინი ელსენბორნში ჩვენი სამხედრო ზონიდან წამოვიდნენ და გერმანიის საჰაერო სივრცეში შეფრინდნენ. წყაროები მეუბნებიან, რომ გერმანიამ [ბელგიის] თავდაცვის სამინისტროს ეს გუშინ ღამით აცნობა, მაგრამ ეს ინფორმაცია, როგორც ჩანს, ამ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს სარდლობის ჯაჭვი არ გაუვლია."
ექსპერტის თქმით, "შემთხვევით, დრონების აღმოსაჩენად მოწყობილი იყო ბელგიური სატესტო სისტემაც და ამ სისტემაც შენიშნა 15 დრონი."
გამოცემის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, საიდან გაჩნდა ეს დრონები და ვინ მართავდა მათ. ინციდენტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს.
"ძალიან უცნაური ინციდენტია, რადგან ელსენბორნის ბაზაზე ბევრი "სათვალთვალო" არაფერია. კლეინე-ბროგელის საჰაერო ძალების ბაზა, სადაც ამერიკული ბირთვული იარაღი ინახება, უფრო აშკარა სამიზნე იქნებოდა. მანამ, სანამ უცნობია [დრონების] წარმომავლობა, ან ვინ მართავდა მათ, რთულია განისაზღვროს, თუ ვინ დგას ამის უკან. რა თქმა უნდა, ეს აჩვენებს, რომ არსებობს კარგი სისტემების საჭიროება, რომლებსაც მსგავსი მცირე ზომის დრონების აღმოჩენა, მეთვალყურეობა და იდენტიფიცირება შეუძლიათ," ამბობს იანს ფრანსენი.
პარალელურად, იმავე ღამეს ამოუცნობი დრონების შემჩნევის გამო გერმანიის მიუნხენის აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა, რის შედეგადაც ათეულობით რეისი გადაიდო და 3 000-მდე მგზავრი შეფერხდა. პარასკევს, დილის საათებში, აეროპორტის მუშაობა უკვე აღდგენილი იყო.
აეროპორტში განაცხადეს, რომ ხუთშაბათს, საღამოს საათებში, რამდენიმე დრონის შემჩნევის გამო, საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი იძულებული გახდა, მუშაობა შეეჩერებინა, რამაც 17 რეისის გაუქმება გამოიწვია.
მიუნხენში ფრენების შეფერხება ჰგავს ბოლო პერიოდში ევროპაში დრონების შემჩნევის სხვა შემთხვევებსაც, რამაც უსაფრთხოების კუთხით შიშები გამოიწვია მას შემდეგ, რაც საჰაერო სივრცეში შეჭრის გამო აეროპორტების დროებითი შეფერხება გასულ კვირას დანიასა და ნორვეგიაშიც გახდა საჭირო.
აღნიშნული ინციდენტების პასუხად ევროკავშირის ლიდერებმა კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე მხარი დაუჭირეს გეგმებს, რათა გაძლიერდეს ბლოკის დრონსაწინააღმდეგო თავდაცვითი შესაძლებლობები.





