რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

FT: ტრამპმა პუტინთან შეხვედრა მას შემდეგ გააუქმა, რაც რუსეთმა აშშ-ს მოთხოვნების სია გადასცა

ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი
Defence News

გამოცემა Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მ ტრამპსა და პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა მას შემდეგ გააუქმა, რაც რუსეთმა აშშ-ს უკრაინისადმი უკომპრომისო მოთხოვნების სია გადასცა და სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ტელეფონით ილაპარაკეს. 

FT სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ რუსეთმა აშშ-ს უცვლელი მოთხოვნების სია გაუგზავნა, რომელიც რუსეთისთვის "ძირეული პრობლემების" აღმოფხვრაზე კონცენტრირდებოდა და მოიცავდა, მათ შორის, ტერიტორიულ დათმობებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებასა და გარანტიას, რომ უკრაინა NATO-ში არ გაწევრიანდება. 

როგორც გამოცემა წერს, რუბიოსა და ლავროვის სატელეფონო საუბრის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა ტრამპს უთხრა, რომ რუსეთი მოლაპარაკებში ჩართვის სურვილს არ ავლენდა. სხვა წყარომ FT-ს უთხრა, რომ რუსეთის "პოზიციას ტრამპზე შთაბეჭდილება არ მოუხდენია". 

FT წერს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები უკმაყოფილოები დარჩნენ ლავროვის უკომპრომისო პოზიციით. 

"ლავროვი აშკარად დაღლილია და ფიქრობს, რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს, ვიდრე აშშ-სთან შეხვედრა ან ჩართულობაა, მიუხედავად იმისა, თუ რა შეიძლება სურდეს პრეზიდენტ პუტინს". - თქვა ერთ-ერთმა წყარომ FT-სთან საუბრისას. 

თუმცა, გამოცემის წყაროებმა დაამატეს, რომ ტრამპს რუსულ მხარესთან შეხვედრა კვლავ სურს, "მაშინ და სადაც ის ჩათვლის, რომ პროგრესი იქნება შესაძლებელი". 

მანამდე, როგორც Financial Times აღნიშნავს, ტრამპმა პუტინთან საუბარს "ძალიან პროდუქტიული" უწოდა და სატელეფონო ზარის შემდეგ თქვა, რომ უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას აღარ განიხილავდა, რადგან ეს "ძალიან სახიფათო იარაღები" არის, რომლებმაც "ესკალაცია" შეიძლება გამოიწვიოს. 

თუმცა, FT წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ პუტინმა ტრამპი სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის ქალაქ კუპიანსკთან და მდინარე ოსკილთან სამხედრო წარმატებებზე სავარაუდო სამხედრო წარმატებებზე საუბრით გააღიზიანა. როგორც გამოცემა წერს, მოგვიანებით ზელენსკიმ ტრამპთან შეხვედრის დროს კუპიანსკთან დაკავშირებით თქვა, რომ ვითარება "კვლავ რთული რჩება", თუმცა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინულმა ძალებმა "მეტი კონტროლის მოპოვება" მოხერხეს. 

ცნობისთვის, 22 ოქტომბერს რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ირწმუნებოდა, რომ უკრაინაში დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტა მისი უმეტესი ნაწილის ნაცისტების კონტროლის ქვეშ დარჩენას ნიშნავდა.

შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას, Lukoil-სა და Rosneft-ს სანქციები დაუწესა.

პარალელურად, 15 ოქტომბერს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულ ნავთობკომპანიებს სანქციები დაუწესეს. 90-პუნქტიანი სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, Rosneft-სა და Lukoil-ს, შეეხება. 

მას შემდეგ Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ინდური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები რუსული ნავთობის იმპორტის მკვეთრად შემცირებას აპირებენ, რათა რუსეთის ორი უმსხვილესი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ აშშ-ს ახალ სანქციებს დაემორჩილონ. ასევე Reuters-ის ცნობით, აშშ-ს სანქციების შემდეგ საზღვაო გზით რუსული ნავთობის შესყიდვა ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმაც შეწყვიტეს. 

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ს მხრიდან რუსული ნავთობკომპანიების, Lukoil-ისა და Rosneft-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებამდე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სანქციების სამი სხვადასხვა პაკეტი წარუდგინეს, რომლებიც უკვე თვეების განმავლობაში იყო გაწერილი და გამზადებული. 

აშშ-ს მაღალჩინოსნებმა WSJ-სთან თქვეს, რომ სანქციების სამი გეგმიდან ყველაზე მძიმე ვარიანტი რუსულ ინდუსტრიასა და მოწინავე რუს ლიდერებზე იყო გათვლილი; შუალედური ვარიანტი ეხებოდა რუსეთის ენერგეტიკის სექტორს, ხოლო უფრო მსუბუქი გეგმა შედარებით შეზღუდული სახით სანქციების დაწესებას გულისხმობდა. 

გამოცემის ცნობით, ტრამპმა შუალედური ვარიანტი აირჩია. მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ ყველაზე მტკიცე ნაბიჯის გადადგმამდე კი ტრამპმა 22 ოქტომბერს ოვალურ ოფისში თავის მრჩევლებს ჰკითხა, ეთანხმებოდნენ თუ არა ამ გადაწყვეტილებას, რაზეც, ერთ-ერთი წყაროს თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და თავდაცვის ომის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა დადებითი პასუხი გასცეს. 

სანქციების გამოცხადების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განმარტა, რომ სანქციები არ ნიშნავს, რომ შეიცვალა ტრამპის ადმინისტრაციის ზოგადი მიზანი, აიძულოს რუსეთს, მოლაპარაკებების მაგიდასთან მოვიდეს. 

"ჩვენ მაინც გვსურს რუსებთან შეხვედრა," განუცხადა რუბიომ რეპორტიორებს და დაამატა, რომ "პრეზიდენტი [ტრამპი] თვეების განმავლობაში განმეორებით ამბობდა, რომ გარკვეულ ეტაპზე მას რაღაცის გაკეთება მოუწევდა, თუ ჩვენ სამშვიდობო შეთანხმებაზე პროგრესი არ გვექნებოდა. დღეს არის დღე, როცა მან რაღაცის გაკეთება გადაწყვიტა."

კომენტარები