რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მტკიცებით, რუსეთს ბუდაპეშტის მემორანდუმი არ დაურღვევია.
"არ მიგვაჩნია, რომ რაიმენაირად ვარღვევთ ამ დოკუმენტს, რომელმაც თავის დროზე ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. [...] იქ [ბუდაპეშტის მემორანდუმში] ნათქვამია, რომ უკრაინა, ისევე როგორც სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, რომლებიც ბირთვულ იარაღზე ამბობდნენ უარს, მიიღებს იმ გარანტიებს, რომლებსაც ბირთვული სახელმწიფოები არაბირთვულ ქვეყნებს ანიჭებენ. ეს არის და ეს. ესაა სულ. ეს გარანტიები გულისხმობს, რომ ბირთვული იარაღი არ იქნება გამოყენებული არაბირთვული სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებიც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მონაწილეები არიან". - ამბობს ლავროვი ინტერვიუში უნგრულ YouTube-არხ Ultrahang-თან.
ლავროვი რუსეთის ქმედებებს იმით ამართლებს, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმთან ერთად იგივე მხარეებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც, ლავროვის თანახმად, გაწერილია ვალდებულება, დაიცვან ეუთოს პრინციპები, მათ შორის, ეროვნულ უმცირესობათა უფლებები, დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება. მისი მტკიცებით, კიევმა სწორედ ეს ვალდებულებები დაარღვია.
ცნობისთვის, 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით, უკრაინამ უარი თქვა საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად აქ დარჩენილ ბირთვულ არსენალზე, ტერიტორიული მთლიანობის დაცულობისა და უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.





