ირლანდია

ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს ორი ქალი კანდიდატი უპირისპირდება

Photograph: Niall Carson/PA

პარასკევს, 24 ოქტომბერს, ირლანდიაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. წინასწარი გამოკითხვები პროგნოზირებენ, რომ არჩევნებში გამარჯვებას მემარცხენე დამოუკიდებელი კანდიდატი, კეთრინ კონოლი მოიპოვებს.

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კონოლის 40%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, მის მთავარ კონკურენტ ჰეზერ ჰამპფრისს კი - 25% -იანი.

საპრეზიდენტო არჩევნების უბნები ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე იხსნება და ღამის 10-ზე იხურება. საბოლოო შედეგები შაბათს, 25 ოქტომბერს, გამოცხადდება. ამჟამად ირლანდიაში 3.6 მილიონი საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეა.

აღსანიშნავია, რომ წინასწარი გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველთა ნახევარი თვლის, რომ მათ ინტერესს არცერთი კანდიდატი არ გამოხატავს, რაც  არჩევნებში დაბალი აქტივობის მოლოდინს აჩენს.

კონოლიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის თანამდებობის კონსტიტუციურ შეზღუდვებს პატივს სცემს.ამასთანავე, ის ხშირად აკრიტიკებდა ისარელს ღაზაში მიმდინარე ომის გამო.

მას ასევე მიაჩნია, რომ ჰამასს აქვს უფლება, სამომავლოდ, პალესტინის სახელმწიფოს დაარსების შემთხვევაში, ღაზის მმართველობაში პოლიტიკური როლი შეასრულოს. აღნიშნულ განცხადებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა აღმასრულებელი მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების მხრიდან.

გარდა ამისა, მთავრობის წევრებმა კრიტიკულად შეაფასეს მისი კომენტარი უკრაინასთან დაკავშირდებით, როდესაც მან თქვა, რომ NATO-ს საზღვრების უკრაინის მიმართულებით გაფართოებას არ ემხრობა.

კომენტარები