ირლანდია

"საუკეთესო აღარ ვარ" – ირლანდიის პრემიერმინისტრი თანამდებობას ტოვებს

ლეო ვარადკარი

ირლანდიის ტიშეკმა, ანუ პრემიერმინისტრმა ლეო ვარადკარმა საკუთარი პოსტი დატოვა. მოულოდნელი გადაწყვეტილების განცხადების დროს მან თქვა, რომ აქვს როგორც პირადი, ისე პოლიტიკური მიზეზები, თუმცა ისინი არ დაუკონკრეტებია.

ვარადკარმა დატოვა პარტია ფინე გეილის ლიდერის პოზიციაც.

"აღარ ვარ სამსახურისთვის საუკეთესო ადამიანი." – თქვა ვარადკარმა.

ლეო ვარადკარი ტიშეკის პოზიციას პირველად 2017-2020 წლებში იკავებდა, ხოლო 2022 წლის დეკემბერში მან ეს თანამდებობა ხელახლა დაიკავა. პირველი ვადის დროს ის 38 წლის იყო, ანუ ის მაშინ გახდა ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელმაც ირლანდიის პრემიერის თანამდებობა დაიკავა. ამას გარდა, ის ირლანდიის პირველი გეი პრემიერმინისტრი იყო. ის პარტია ფინე გეილს 2017 წლიდან უძღვებოდა.

ვარადკარის თქმით, ლიდერობა იმასაც მოიცავს, რომ სხვისთვის ადგილის გადაცემის გამბედაობა გამოიჩინო და იცოდე, როდის არის ამის დრო. 

ვარადკარის განცხადების შემდეგ პარტია შინ ფეინმა ნაადრევი არჩევნების დანიშვნის მოწოდება გააკეთა, თუმცა ეს პროცესი პრემიერის მოადგილემ, მაიკლ მარტინმა გამორიცხა. ირლანდიურ მედიაში წერენ, რომ ახალი პრემიერი შესაძლოა 9 აპრილამდე დაინიშნოს.

აქამდე, მცირე ხნით ადრე ვარადკარმა ვერ შეძლო გამარჯვება მოეპოვებინა რეფერენდუმში, რომლის საფუძველზეც ირლანდიის კონსტიტუცია უნდა შეცვლილიყო. ის ორ რეფერენდუმში დამარცხდა. თავდაპირველად მან ვერ გაიმარჯვა რეფერენდუმში, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში უნდა შეცვლილიყო ოჯახთან დაკავშირებული მონაკვეთი. ინიციატივის წინააღმდეგ ხმის მიმცემთა 67.7% წავიდა. უფრო დიდი წინააღმდეგობა შეხვდა ინიცირებულ ცვლილებას, რომლითაც ოჯახში ქალის როლის განმარტება უნდა შეცვლილიყო. 73.9% ცვლილებას არ ემხრობოდა.

მარცხის მიუხედავად, არ ჩანდა ნიშნები, რომ ვარადკარის რეიტინგი უარესდებოდა.

კომენტარები