გამოცემა Reuters-ს იუწყება, რომ საქართველოში ბიზნესინტერესების მქონე ამერიკელმა ბიზნესმენმა ბოლო კვირების განმავლობაში პირადად მოუწოდა ამერიკელ კანონმდებლებს, რომ არ დაემტკიცებინათ კანონპროექტი, რომელიც ზეწოლას მოახდენდა ივანიშვილის მთავრობაზე.
Reuters წერს, რომ საქართველოს ანტიდასავლური მთავრობის სასარგებლოდ ლობირების ფაქტმა კონგრესის მაღალი თანამდებობის მქონე რესპუბლიკელი წევრი, ჯო უილსონი გააღიზიანა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ორპარტიული კანონმდებლების ჯგუფი ცდილობს მიიღოს კანონპროექტი, რომელიც თბილისში სულ უფრო ავტორიტარულ და მოსკოვთან მიახლოებულ მთავრობის დასჯას ისახავს მიზნად. ზომებს შორის ერთ-ერთი უილსონის მიერ ინიცირებული კანონპროექტია, რომელიც აშშ-ს მთავრობას საქართველოს მთავრობის ოფიციალურ აღიარებას აუკრძალავდა.
გამოცემის ცნობით, ტეხასში დაფუძნებული ენერგეტიკული კომპანია TXN Energy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ნიკანდროსმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ზოგიერთ რესპუბლიკელ წევრს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მათ ზემოაღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ პოზიციის დაკავებისთვის მადლობა გადაუხადა.
Reuters-ის მიერ ნანახ 30 სექტემბრით დათარიღებულ წერილში ნიკანდროსი კანონმდებლებს მოუწოდებს, დამატებითი ნაბიჯები გადადგან აღნიშნული ინიციატივის საბოლოო დამტკიცების შესაჩერებლად, რომელიც კომიტეტში განხილვის შემდეგ ახლა პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას ელოდება.
გამოცემის მიხედვით, ნიკანდროსმა წერილში აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" დემოკრატიულად არის არჩეული და მსგავსი კანონპროექტის მიღება საქართველოს რუსეთთან კიდევ უფრო მიაახლოებს, რაც ამერიკულ ბიზნესინტერესებს და მათ შორის მის კომპანიასაც დააზარალებს. წერილში ნათქვამია, რომ TXN Energy საქართველოში 1997 წლიდან საქმიანობს.
"ჩვენნაირი კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში ადამიანებს ასაქმებენ და ინვესტიციებს დებენ, სტაბილური ორმხრივი ურთიერთობები კრიტიკულად მნიშვნელოვანია" - ნათქვამია Reuters-ის მიერ ნანახ წერილში.
გამოცემას ნიკანდროსის წერილი მაღალი თანამდებობის რესპუბლიკელმა თანამშრომელმა მიაწოდა, რომელსაც აეჭვებდა, რომ ნიკანდროსის ქმედებები კანონპროექტის მიღებას მომავალში კიდევ უფრო შეაფერხებდა.
"როგორც ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, რომელიც ფლობს საგამოძიებო უფლებამოსილებას, მე შევეცდები მეტი გავიგო ამ პირის საქმიანობის შესახებ" - მიწერა ჯო უილსონმა ელფოსტით გამოცემას.
Reuters იუწყება, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა განცხადებაში აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნიკანდროსი არის "ნოვატორი", მის მთავრობას აშშ-ში ლობისტური კავშირები არ აქვს.
გამოცემა წერს, რომ პორტალ Open Secrets-ის მონაცემებით, ნიკანდროსს რესპუბლიკელ კანონმდებლებისთვის და მათთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კომიტეტებსა და სტრუქტურებისთვის 200 000 დოლარზე მეტი აქვს შეწირული. აქვე გამოცემა აღნიშნავს, რომ მან დაადგინა, მოახდინა თუ არა ამ შემოწირულებებმა გავლენა კანონმდებლების ხმის მიცემაზე.
აღსანიშნავია, რომ ნიკარდოსი მანამდე ამერიკული ენერგომომპოვებელი კომპანია ფრონტერა-ს აღმასრულებელი დირექტორი იყო.
გამოცემა წერს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლიდან, საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქვეყანა რუსეთის ექსპორტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არხად იქცა. Reuters აღნიშნავს, რომ ამერიკელი კანონმდებლები "ქართულ ოცნებას" ხშირად თვითიზოლაციისა და მოსკოვთან, თეირანთან და პეკინთან გაძლიერებული კავშირების გამო აკრიტიკებენ.





