აშშ-კოლუმბია

ტრამპი კოლუმბიას ნარკოპროდუქციის წარმოების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

19 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კოლუმბიის პრეზიდენტს გუსტავო პეტროსს "უკანონო ნარკობარონი" უწოდა.

"კოლუმბიის პრეზიდენტი გუსტავო პეტრო უკანონო ნარკობარონია, რომელიც მთელი კოლუმბიის მასშტაბით ნარკოტიკების მასიურ წარმოებას უწყობს ხელს. ეს უკვე კოლუმბიაში უმსხვილეს ბიზნესად იქცა და, მიუხედავად აშშ-ს მხრიდან მრავალი სუბსიდიისა თუ დაფინანსებისა, პეტრო ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს.

დღეიდან კოლუმბიას შეუწყდება ნებისმიერი სახის სუბსიდია თუ დახმარება. 

ამ ნარკოპროდუქციის წარმოების მიზანი ამერიკაში მასიური რეალიზებაა, რაც იწვევს სიკვდილს, ნგრევასა და ქაოსს. პეტრომ, დაბალი რეიტინგის მქონე არაპოპულარულმა ლიდერმა, რომელიც ამერიკის მიმართ უპატივცემულო განცხადებებს აკეთებს, უმჯობესია სასწრაფოდ შეწყვიტოს ეს საქმიანობა, თორემ მის ნაცვლად ამას ამერიკა გააკეთებს, ეს პროცესი კი კარგად არ დასრულდება." - ვკითხულობთ ტრამპის განცხადებაში Truth Social-ზე.


ცნობისთვის, 2021 წლის 25 ოქტომბერს კოლუმბიამ ქვეყნის ყველაზე დიდი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ნარკობარონი დაირო ანტონიო უსუგა, იგივე ოტონიელი, აშშ-ს გადასცა. ოტონიელი აშშ-ს არმიის, საჰაერო ძალებისა და კოლუმბიის ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

წლების განმავლობაში უსუგა აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს ძებნილთა სიაში იყო. აშშ-ს მის სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარიანი ჯილდო ჰქონდა დაწესებული. მას 2003-2014 წლებში აშშ-ში 73 ტონა კოკაინის შეტანაში სდებდნენ ბრალს, რისთვისაც ბრალი 2009 წელს წაუყენეს. ნარკოტიკებით ვაჭრობის გარდა ოტონიელს პოლიციის ოფიცრების მკვლელობასა და კრიმინალურ საქმიანობაში ბავშვების ჩართვაში ადანაშაულებდნენ.

ოტონიელი კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთითი ანტიოქიის პროვინციაში დააკავეს. ეს ადგილი პანამის საზღვართანაა ახლოს. სპეცოპერაციაში 500 სამხედრო და 22 ვერტმფრენი მონაწილეობდა. ოპერაციის დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა.

ოტონიელი ყურის კლანის, წარსულში უსუგას კლანის, ლიდერი 14 წლის წინ გახდა, როცა პოლიციამ კლანის ყოფილი ლიდერი, ოტონიელის ძმა რეიდის დროს მოკლა. კოლუმბიის უშიშროების ძალების შეფასებით, ეს კლანი ქვეყნის ყველაზე ძლიერი კრიმინალური ორგანიზაცია იყო.

კომენტარები