კოლუმბია

კოლუმბია ქვეყნის ყველაზე დიდი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერ ნარკობარონს აშშ-ს გადასცემს

დაირო ანტონიო უსუგა
Colombian Police/Handout via REUTERS

კოლუმბია ქვეყნის ყველაზე დიდი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერ ნარკობარონს დაირო ანტონიო უსუგას, იგივე ოტონიელს, აშშ-ს გადასცემს. ოტონიელი არმიის, საჰაერო ძალების და კოლუმბიის ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

წლების განმავლობაში უსუგა აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს ძებნილთა სიაში იყო. აშშ-ს მის სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარიანი ჯილდო ჰქონდა დაწესებული. მას 2003-2014 წლებში აშშ-ში 73 ტონა კოკაინის შეტანაში სდებენ ბრალს. მას აშშ-ში ბრალი 2009 წელს წაუყენეს. ნარკოტიკებით ვაჭრობის გარდა ოტონიელს პოლიციის ოფიცრების მკვლელობასა და კრიმინალურ საქმიანობაში ბავშვების ჩართვაში სდებენ ბრალს.

გამოცემა El Nuevo Siglo-ს თანახმად, უსუგა დედაქალაქ ბოგოტაში, სამხედრო ბაზაზეა გადაყვანილი. კოლუმბიის თავდაცვის მინისტრის დიეგო მოლანოს თქმით, სამართალდამცველების შემდეგი ნაბიჯი იქნება, ექსტრადიციის მოთხოვნა დააკმაყოფილონ და უსუგა აშშ-ს გადასცენ.

ოტონიელი კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთითი ანტიოქიის პროვინციაში დააკავეს. ეს ადგილი პანამის საზღვართანაა ახლოს. სპეცოპერაციაში 500 სამხედრო და 22 ვერტმფრენი მონაწილეობდა. ოპერაციის დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა.

ბოლო წლებში კოლუმბიაში რამდენიმე ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა უსუგას დასაჭერად, თუმცა ისინი წარუმატებელი იყო.

ოტონიელი ყურის კლანის, წარსულში უსუგას კლანის, ლიდერი 10 წლის წინ გახდა, როცა პოლიციამ კლანის ყოფილი ლიდერი, ოტონიელის ძმა რეიდის დროს მოკლა. კოლუმბიის უშიშროების ძალების შეფასებით, ეს კლანი ქვეყნის ყველაზე ძლიერი კრიმინალური ორგანიზაცია იყო.

დაჯგუფება, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა პროვინციებსა და საზღვარგარეთაც მოქმედებს, ნარკოტიკებითა და ადამიანებით ვაჭრობით, ოქროს უკანონო მოპოვებით და ფულის გამოძალვით არის დაკავებული. სამართალდამცველების ვერსიით, დაჯგუფებას 1 800-მდე წევრი ჰყავს, რომლებიც ძირითად უკიდურესად მემარჯვენე, ნახვერადსამხედრო ჯგუფებიდან მოხვდნენ კრიმინალურ კლანში. დაჯგუფების წევრები სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის არგენტინაში, ბრაზილიაში, ჰონდურასში, პერუში და ესპანეთში დაუკავებიათ. დაჯგუფება ნარკოტიკების გადატანის სხვადასხვა მარშუტებს აკონტროლებს და ნარკოტიკები კოლუმბიიდან სხვადასხვა ქვეყნებში შეაქვს, მათ შორის აშშ-სა და რუსეთში..

კოლუმბიის მთავრობა მიიჩნებს, რომ ბოლო წლებში მან დაჯგუფების წევრების რაოდენობის შემცირება შეძლო და ბევრი ლიდერი მიმალვაშია.

კომენტარები