კოლუმბია

კოლუმბიაში ქვეყნის ყველაზე დიდი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ნარკობარონი დააკავეს

BBC

კოლუმბიაში ყველაზე დიდი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი და ნარკობარონი დაირო ანტონიო უსუგა დააკავეს. უსუგა ცნობილია ზედმეტსახელით ოტონიელი.

ოტონიელი არმიის, საჰაერო ძალების და პოლიციის ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

კოლუმბიის მთავრობას დაირო ანტონიო უსუგაზე ინფორმაციის სანაცვლოდ  800 000-დოლარიანი ჯილდო ჰქონდა დაწესებული.

ნარკომოვაჭრის დაკავებას პრეზიდენტი ივან მარკეს დუკე გამოეხმაურა.

"ამ საუკუნეში ეს ყველაზე დიდი დარტყმაა ჩვენს ქვეყანაში ნარკოვაჭრობაზე. ეს დარტყმა მხოლოდ 1990-იანებში პაბლო ესკობარის დამხობას თუ შეედრება" - თქვა პრეზიდენტმა.

ოტონიელი კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთითი ანტიოქიის პროვინციაში დააკავეს. ეს ადგილი პანამის საზღვართანაა ახლოს. სპეცოპერაციის ბევრი დეტალი ჯერ უცნობია, მაგრამ პრეზიდენტის თქმით, პოლიციის ერთი ოფიცერი მოკლულია.

ბოლო წლებში კოლუმბიაში რამდენიმე ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა უსუგას დასაჭერად, თუმცა ისინი წარუმატებელი იყო.

ოტონიელი ყურის კლანის, წარსულში უსუგას კლანის, ლიდერი 10 წლის წინ გახდა, როცა პოლიციამ კლანის ყოფილი ლიდერი, ოტონიელის ძმა რეიდის დროს მოკლა. კოლუმბიის უშიშროების ძალების შეფასებით, ეს კლანი ქვეყნის ყველაზე ძლიერი კრიმინალური ორგანიზაცია იყო.

დაჯგუფება, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა პროვინციებსა და საზღვარგარეთაც მოქმედებს, ნარკოტიკებითა და ადამიანებით ვაჭრობით, ოქროს უკანონო მოპოვებით და ფულის გამოძალვით არის დაკავებული. სამართალდამცველების ვერსიით, დაჯგუფებას 1 800-მდე წევრი ჰყავს, რომლებიც ძირითად უკიდურესად მემარჯვენე, ნახვერადსამხედრო ჯგუფებიდან მოხვდნენ კრიმინალურ კლანში. დაჯგუფების წევრები სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის არგენტინაში, ბრაზილიაში, ჰონდურასში, პერუში და ესპანეთში დაუკავებიათ. დაჯგუფება ნარკოტიკების გადატანის სხვადასხვა მარშუტებს აკონტროლებს და ნარკოტიკები კოლუმბიიდან სხვადასხვა ქვეყნებში შეაქვს, მათ შორის აშშ-სა და რუსეთში..

კოლუმბიის მთავრობა მიიჩნებს, რომ ბოლო წლებში მან დაჯგუფების წევრების რაოდენობის შემცირება შეძლო და ბევრი ლიდერი მიმალვაშია.

ოტონიელს სხვადასხვა ბრალდებები აქვს წარდგენილი, მათ შორის აშშ-ში კოკაინის შეტანა, პოლიციის ოფიცრების მკვლელობა და კრიმინალურ საქმიანობაში ბავშვების ჩართვა. მას ბრალი აშშ-იც აქვს წაყენებული და ექსტრადიციაც ემუქრება.

კომენტარები