აშშ-კოლუმბია

კოლუმბიის პრეზიდენტის თქმით, ის ვაშინგტონში ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ განაცხადა, რომ ის ვაშინგტონში შეხვედრის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთმანეთთან ტელეფონით დაახლოებით საათნახევარი ისაუბრეს.

"მშვიდობა დიალოგით მიიღწევა. სწორედ ამიტომ, მე ვთანხმდები პრეზიდენტ ტრამპის მიერ საუბრის შესახებ შემოთავაზებას. ვნახოთ, რა გამოვა" – ამბობს პეტრო მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

აშშ-სა და კოლუმბიის ლიდერებს შორის ურთიერთობა ვენესუელის დიქტატორის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა. დონალდ ტრამპმა პეტროს "ავადმყოფი" უწოდა, რომელიც "მალე ვეღარ გააგრძელებს კოკაინის წარმოებას" 

ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავს თუ არა აშშ კოლუმბიაში ვენესუელის მსგავსი ოპერაციის ჩატარებას, ტრამპმა უპასუხა: "ეს ჩემთვის კარგად ჟღერს... იცით რატომ? რადგან ისინი ბევრ ადამიანს კლავენ".

თუმცა, რამდენიმე საათის წინ, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის აფასებს პეტროს მიერ მასთან დაკავშირებას და მის ტონს. აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ მოუთმენლად ელის კოლუმბიის პრეზიდენტთან ახლო მომავალში შეხვედრას.

"დიდი პატივი იყო კოლუმბიის პრეზიდენტთან, გუსტავო პეტროსთან საუბარი, რომელმაც ნარკოტიკებთან და ჩვენ შორის სხვა უთანხმოებებთან დაკავშირებით სიტუაციის ასახსნელად დამირეკა" – წერს ტრამპი Truth Social-ზე. 

კომენტარები