აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში კოლუმბიის პრეზიდენტ გუსტავო პეტროს შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.
დახურული შეხვედრის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრამ "ძალიან კარგად" ჩაიარა.
"ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა... ჩემი აზრით, ის [გუსტავო პეტრო] შესანიშნავი იყო" - თქვა ტრამპმა.
მან ასევე განაცხადა, რომ პეტროს წინააღმდეგ შარშან დაწესებული აშშ-ს სანქციების მოხსნაზე მუშაობდა, რომლებიც ნარკოვაჭრობასთან კავშირების ბრალდებებს უკავშირდებოდა.
მოგვიანებით, კოლუმბიის საელჩოში ჟურნალისტებთან საუბრისას, პეტრომ შეხვედრა "ოპტიმისტურად" და "კონსტრუქციულად" შეაფასა, განსაკუთრებით ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
პეტროს თქმით, ლიდერებმა ვენესუელური ბუნებრივი აირის კოლუმბიის გავლით ექსპორტის შესაძლებლობა და რეგიონში ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთო ინტერესები განიხილეს.
ცნობისთვის, აშშ-სა და კოლუმბიის ლიდერებს შორის ურთიერთობა ვენესუელის დიქტატორის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა. დონალდ ტრამპმა პეტროს "ავადმყოფი" უწოდა, რომელიც "მალე ვეღარ გააგრძელებს კოკაინის წარმოებას".
ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავდა თუ არა აშშ კოლუმბიაში ვენესუელის მსგავსი ოპერაციის ჩატარებას, ტრამპმა უპასუხა: "ეს ჩემთვის კარგად ჟღერს... იცით რატომ? რადგან ისინი ბევრ ადამიანს კლავენ".
ვითარება ლიდერებს შორის მოგვიანებით გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ შეიცვალა, რომლის შემდეგაც ტრამპმა მომავალი შეხვედრის შესახებ იმედი გამოთქვა და დაწერა, რომ: "დიდი პატივი იყო კოლუმბიის პრეზიდენტთან, გუსტავო პეტროსთან საუბარი, რომელმაც ნარკოტიკებთან და ჩვენ შორის სხვა უთანხმოებებთან დაკავშირებით სიტუაციის ასახსნელად დამირეკა".





