რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ორბანი პუტინს ელაპარაკა, მხარეებმა განიხილეს ბუდაპეშტში ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრა

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი; კრემლი; 5 ივლისი 2024
Sputnik/Valeriy Sharifulin/Pool via REUTERS

17 სექტემბერს უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განიხილა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა.

"რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკება შედგა, მზადება მთელი სისწრაფით მიმდინარეობს." - წერია ორბანის Facebook გვერდზე.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ოქტომბერს თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა ვაშინგტონის დროით 13:00 საათზე (თბილისის დროით 21:00 საათი) გაიმართება და პრესისთვის დახურული იქნება. 

მედიაში გავრცელებული ცნობებისა და პრეზიდენტების მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, შეხვედრაზე მხარეები უკრაინისთვის Tomahawk-ების შესაძლო გადაცემისა და უკრაინის საჰაერო დაცვის გაძლიერების საკითხებს განიხილავენ. 

16 ოქტომბერს, მაშინ, როცა ზელენსკის თვითმფრინავი ვაშინგტონისკენ მიფრინავდა, ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან ორსაათ-ნახევრიანი "პროდუქტიული" სატელეფონო საუბარი გამართა და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში პუტინთან შეხვედრაზე შეთანხმდა.

პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპმა Truth Social-ზე განცხადებაც გაავრცელა: "სატელეფონო საუბრის დასასრულს შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას გაიმართება ჩვენი მაღალი დონის მრჩევლების შეხვედრა. აშშ-ს თავდაპირველ შეხვედრებს უხელმძღვანელებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სხვა დანიშნულ პირებთან ერთად. შეხვედრის ადგილი ჯერ კიდევ შესარჩევია. შემდეგ კი პრეზიდენტი პუტინი და მე შევხვდებით წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე, ბუდაპეშტში, უნგრეთში რათა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამ "სამარცხვინო" ომის დასრულება რუსეთსა და უკრაინას შორის." 

Axios წერს, რომ ტრამპის განცხადება უნგრეთში პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ ზელენსკის გუნდისთვის მოულოდნელი იყო.

კომენტარები