აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი "ძალიან პროდუქტიული" იყო.
"ახლახან დავასრულე სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ის ძალიან პროდუქტიული იყო. პრეზიდენტმა პუტინმა მოგვილოცა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დიდი მიღწევა, რაზეც, მისი თქმით, საუკუნეების განმავლობაში ვოცნებობდით. მე ნამდვილად მჯერა, რომ ახლო აღმოსავლეთში წარმატება დაგვეხმარება რუსეთთან/უკრაინასთან ომის დასრულების მოლაპარაკებებში.
პრეზიდენტმა პუტინმა მადლობა გადაუხადა პირველ ლედის, მელანიას ბავშვების საკითხთან დაკავშირებით ჩართულობისთვის. ის ძალიან მადლიერი იყო და თქვა, რომ ეს გაგრძელდება. ჩვენ ასევე დიდი დრო დავუთმეთ რუსეთსა და აშშ-ს შორის ვაჭრობაზე საუბარს, როდესაც უკრაინასთან ომი დასრულდება.
სატელეფონო საუბრის დასასრულს შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას გაიმართება ჩვენი მაღალი დონის მრჩევლების შეხვედრა. აშშ-ს თავდაპირველ შეხვედრებს უხელმძღვანელებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სხვა დანიშნულ პირებთან ერთად. შეხვედრის ადგილი ჯერ კიდევ შესარჩევია. შემდეგ კი პრეზიდენტი პუტინი და მე შევხვდებით წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე, ბუდაპეშტში, უნგრეთში რათა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამ "სამარცხვინო" ომის დასრულება რუსეთსა და უკრაინას შორის.
პრეზიდენტი ზელენსკი და მე ხვალ შევხვდებით ოვალურ კაბინეტში, სადაც განვიხილავთ პრეზიდენტ პუტინთან ჩემს საუბარს და ბევრ სხვა საკითხს. მე მჯერა, რომ დღევანდელი სატელეფონო საუბრით დიდი პროგრესი იქნა მიღწეული". - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 15 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 17 ოქტომბერს თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილავს უკრაინის სურვილს, რომ ომში "შეტევაზე გადავიდეს."
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ Tomahawk-ების გარდა უკრაინისთვის სხვა ვარიანტებსაც განიხილავს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რას მოიცავს ეს.
მანამდე, ტრამპმა თქვა, რომ შესაძლოა, პუტინს დაელაპარაკოს და უთხრას: "თუ ეს ომი არ მოგვარდება, მათ [უკრაინას] Tomahawk-ებს გავუგზავნი... შეიძლება გავუგზავნო... Tomahawk შესანიშნავი იარაღია. ძალზე თავდასხმითი იარაღი და, გულწრფელად, რუსეთს ეს არ სჭირდება."





