4 ოქტომბერი

ადვოკატები უარყოფენ ბურჭულაძისა და ზოდელავას კავშირს ტყეში ჩამარხულ იარაღთან

სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მურთაზ ზოდელავასა და პაატა ბურჭულაძის გამოკითხვა დასრულდა.

ადვოკატების, ლაშა თუთბერიძის და ბექა ბასილაიასა განმარტებით, ორივე დაკავებულს კითხვები ტყეში აღმოჩენილ საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით დაუსვეს.

ადვოკატები უარყოფენ პაატა ბურძულაძისა და მურთაზ ზოდელავას კავშირს იარაღთან. 

"ჰქონდა მცდელობებს ადგილი, რომ პაატა ბურჭულაძისთვის დაესვათ კითხვები იმ საქმესთან, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ამ საკითხთან და ეხება იმ საქმეს, სადაც მას აქვს ბრალდებულის სტატუსი. ამ კითხვებზე პასუხი რა თქმა უნდა მათ ვერ მიიღეს და შემოვიფარგლეთ მხოლოდ იარაღის საკითხებთან დაკავშირებული ცნობით.

იკითხეს, იცნობ თუ არა ბრალდებულს, ჰქონია თუ არა მასთან კავშირი, იცოდა თუ არა ბურჭულაძემ ჩამარხული იარაღის შესახებ" - თქვა ბურჭულაძის ადვოკატმა, ლაშა თუთბერიძემ ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, იგივე საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სუს-ში გამოიკითხა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) წარმომადგენლები პაატა ბურჭულაძესთან და მურთაზ ზოდელავასთან გამოკითხვაზე იყვნენ შესულები. 

ცნობისთვის, 5 ოქტომბერს სუს-მა განაცხადა, რომ მათ მიერ მიერ აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით. უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები 4 ოქტომბრის აქციას უკავშირდება. მათივე ცნობით, აღნიშნული საბრძოლო მასალის გამოყენებით, თბილისში 4 ოქტომბერს "დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო".

საქმეზე ბრალი საქართველოს მოქალაქე ბ.ჭ.-ს წარედგინა, მასზე სუს-მა ძებნა გამოაცხადა


4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".

ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.

მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა. 

მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი. 

ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ , ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.

რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო დღეებში აიყვანეს აქციის მონაწილეებიც. ივანიშვილის პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ დაკავებულთა რიცხვი "მნიშვნელოვნად გაიზრდება".

კომენტარები