4 ოქტომბერი

ძირითადი კითხვა იყო, ტყეში რომ ამოთხარეს, იმ იარაღთან დაკავშირებულ პირზე – ნადარეიშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლმა, ანი ნადარეიშვილმა გამოკითხვის შემდეგ,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობა დატოვა. 

ნადარეიშვილის თქმით, უწყებას კითხვები სუს-ის განცხადებისა და ამოღებული საბრძოლო მასალის შესახებ ჰქონდათ.

ნადარეიშვილის თქმით, მას სოციალურ ქსელში ჰქონდა გაზიარებული პოსტი სუს-ის განცხადების შესახებ, რომელზედაც მოქალაქეები იცინოდნენ. გამოკითხვაზე კი ჰკითხეს თუ "რატომ ეცინებოდა ამ ამბავზე" - "მეტი შეხება სხვა არ უხსენებიათ". - თქვა ნადარეიშვილმა. 

"ძირითადი კითხვა იყო, რაღაცა ტყეში რო ამოთხარეს, იმ იარაღთან დაკავშირებულ პირთან, ბ.ჭ. - ეს ყოფილა ბექა ჭულუხაძე, აინტერესებდათ თუ ვიცნობ ამ ადამიანს, თუ მქონია რაიმე შეხება, გადაკვეთა, თუ მქონდა ნანახი TV იმედის სიუჟეტი - არ ვუყურებ რუსულ პროპაგანდისტულ არხებს. 

ასევე აინტერესებდათ თუ ვიცნობ პაატა ბურჭულაძეს და ესეც ძალიან სასაცილო კითხვაა, იმიტომ რომ ათასჯერ ვთქვით, რომ პაატა ბურჭულაძე არის ჩვენი ოჯახის ნათესავი, ჩემი შვილის ნათლია არის მისი შვილი და ძალიან ბევრი წელია ამ ოჯახს ვიცნობ. 

ვეკითხებოდი გამომძიებელს, რომელ ტვინში დაიბადა, რომ მე რამე შეხება შეიძლება მქონდეს რაღაც ამოთხრილ იარაღთან, თუმცა მერე იქვე დავუფიქსირე, რომ არ მჯერა სუს-ის ასეთი დადგმული სპექტაკლების". - განაცხადა ნადარეიშვილმა. 

ბაჩო ახალიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა დღეს, 10 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

პარალელურად, იგივე საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) წარმომადგენლები პაატა ბურჭულაძესთან და მურთაზ ზოდელავასთან გამოკითხვაზე იყვნენ შესულები. 

დღეს, 10 ოქტომბერს, ცენრალურ კრიმინალურ დეპარტამენტში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გამოიკითხა. მისი თქმით, უწყებას კითხვები ძირითადად სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით ჰქონდა.


ცნობისთვის, 5 ოქტომბერს სუს-მა განაცხადა, რომ მათ მიერ მიერ აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით. უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები 4 ოქტომბრის აქციას უკავშირდება. მათივე ცნობით, აღნიშნული საბრძოლო მასალის გამოყენებით, თბილისში 4 ოქტომბერს "დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო".

საქმეზე ბრალი საქართველოს მოქალაქე ბ.ჭ.-ს წარედგინა, მასზე სუს-მა ძებნა გამოაცხადა

კომენტარები