თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე, პაატა ბურჭულაძემ, მისი თქმით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა. ბურჭულაძის განცხადებით, ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს.
დეკლარაცია აცხადებს:
"1) ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს.
2) ე.წ. ხელისუფლებას 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნებისა და საერთაშორისო არაღიარების შემდეგ კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია.
3) მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად, საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობიანობის დაცვას.
ამ წუთიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაემორჩილოს ქართველ ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს.
ახლა ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ოცნების 6 წევრ ადამიანზე, ვინც არიან მთავარი ბოროტმოქმედები ჩვენს ქვეყანაში, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანეს მოვითხოვთ მათ დატყვევებას და პირდაპირ მიყვანას საპყრობილეში:
1. ირაკლი კობახიძე 2. შალვა პაპუაშვილი 3. ანზორ ჩუბინიძე 4. მამუკა მდინარაძე 5. თეა წულუკიანი 6. ბიძინა ივანიშვილი" - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლებს:
"დღეს ჩვენ აქ ვიდგებით, მაგრამ მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას. მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება. ნებისმიერი პოლიციელი ან გდდ-ს თანამშრომელი, რომელიც წინ დაგვხვდება, დავუსვამთ ერთადერთ შეკითხვას: ვისკენ ხარ? ხალხისკენ, კონსტიტუციისკენ თუ ივანიშვილისკენ? ვისკენ ხარ სამშობლოსკენ თუ რუსეთისკენ? ჩვენ მიერ პოლიციელად და ძალოვნად მხოლოდ ის იქნება აღქმული, რომელიც სწორ პასუხს გაგვცემს, ის რომ ემსახურება ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. ეს არის ჩვენი კონკრეტული მიდგომა. მორჩა ლაილაი აქციებზე, მორჩა ბოდიალი, მორჩა ბიძინას მონობა, მორჩა ჩმორობა. ყველას გთხოვთ, მამაკაცური ძალა გამოირჩეს. ქალბატონებით აქ უნდა იდგეთ, არ უნდა დაიშალოთ. თბილისი, საქართველო დაგვემატეთ, გამოდით. მამაკაცური ძალა ბარათაშვილის პარკისკენ. შევიკრიბებით და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, ამას მოჰყვება შემდეგი ნაბიჯები" - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)



