ბრიტანული გამოცემა The Guardian იუწყება, რომ ლონდონის სამეფო ოპერის თეატრი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრს, კირ სტარმერს მოუწოდებს, ჩაერიოს პაატა ბურჭულაძის საქმეში.
"გწერთ, რათა თქვენი ყურადღება მივაპყრო მსოფლიოში ცნობილი ქართველი ოპერის მომღერლისა და ჩვენი ძვირფასი მეგობრის, პაატა ბურჭულაძის მდგომარეობას, რომელიც ამჟამად წინასწარი პატიმრობის ქვეშ იმყოფება და მის მიმართ სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს საქართველოში პრორუსული, ავტორიტარული რეჟიმის მიერ," - წერს ლონდონის სამეფო ოპერის თეატრის კასტინგის ხელმძღვანელი, პიტერ კატონა The Guardian-ის მიერ გავრცელებულ წერილში.
"ბატონი ბურჭულაძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სრულიად ფალსიფიცირებული და უკანონოა. მას მხოლოდ მმართველი რეჟიმის მიმართ კრიტიკული პოზიციის გამო დევნიან," - მიმართავს კატონა სტარმერს.
კატონამ ასევე აღნიშნა, რომ ბურჭულაძეს ლონდონის სამეფო ოპერის თეატრში გამორჩეული კარიერა ჰქონდა და 1984 წელს დებიუტის შემდეგ, წლების განმავლობაში, იქ არაერთხელ გამოსულა.
"ჩვენ ასევე განვიხილავთ მის ხელახლა მოწვევას," - წერია წერილში.
7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განაჩენი გამოაცხადა 4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში დაკავებული 10 პირის საქმეზე. მან 10-ვე დაკავებული, მათ შორის პაატა ბურჭულაძე, დამნაშავედ ცნო. ბურჭულაძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2025 წლის 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ორ საათში პაატა ბურჭულაძემ, როგორც თავად უწოდა, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".
ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - "მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა… რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება".
ბურჭულაძე, მანჯგალაძე, ბერიძე, ზოდელავა და ნადირაძე დააკავეს - შსს
მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა. გვიან ღამით 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს.
მომდევნო 2 კვირის მანძილზე აიყვანეს აქციის 57 მონაწილე. მათგან მხოლოდ სამს შეუფარდეს გირაო, დანარჩენებს - პატიმრობა. გარდა ამისა, შსს-ს ყოფილი თანამშრომლის, უცხოეთში მყოფი ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ გამოცხადდა ძებნა - კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფოხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით. ასევე, სუს-ის მტკიცებით, ამოიღეს საბრძოლო მასალა, რომელიც "4 ოქტომბერს უნდა გამოყენებულიყო".
6 ოქტომბერს, პროკურატურის ცნობით, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება წარუდგინეს. ხოლო 7 ოქტომბერს, პატიმრობა შეეფარდათ.




