4 ოქტომბერი

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ფაქტზე 1 პირს ბრალი წარედგინა

სუს-ის ვიდეომასალა

პროკურატურის ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.

"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ტყვიამფრქვევი, დიდი რაოდენობით ვაზნები, ყუმბარმტყორცნი, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები, ფეთქებადი ნივთიერება - ტროტილი და ასაფეთქებელი მოწყობილობები - 3 ელექტროდეტონატორი, ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რაც მართლსაწინააღდეგოდ შეინახა მცხეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში.

ბრალდებულს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს". - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები 4 ოქტომბრის აქციას უკავშირდება. მათივე ცნობით, აღნიშნული საბრძოლო მასალის გამოყენებით, თბილისში 4 ოქტომბერს "დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო". 

სუს-მა საქართველოს მოქალაქე ბ.ჭ.-ზე ძებნა გამოაცხადა. 

4 ოქტომბრის ღამეს, შსს-მ პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა. 

მათ ბრალად ედებათ "საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა".

დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

4 ოქტომბრის დილით პაატა ბურჭულაძემ ვიდეო გაავრცელა და თქვა, რომ 5 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტში თავად, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე იყვნენ.


4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და განაცხადა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".

ამის შემდეგ მოქალაქეებს, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.

მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა. 

მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი. 

ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.

"დაგიდასტურებთ, რომ აქციაზე რამდენიმე პირია დაკავებული, მოგვიანებით გავავრცელებთ განცხადებას თუ ვინ არის დაკავებული, რა მუხლით და რა წარმოება აქვს შსს-ს" - თქვა დარახველიძემ.

კომენტარები