პაატა ბურჭულაძის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) წარმომადგენელბისთვის ჩვენება არ მიუცია. ამის შესახებ თუთბერიძემ რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა.
როგორც თუტბერიძემ აღნიშნა, უწყებას შეკითხვები სუს-ის განცხადებისა და ამოღებული საბრძოლო მასალის შესახებ ჰქონდა. თუთბერიძე ამბობს, რომ "არსებობს რისკი, რომ ნებისმიერი ინფორმაცია ან ჩვენება, რომელსაც ბურჭულაძე მისცემს მით უმეტეს ასე დაუგეგმავად, უცებ მოსვლით, შეიძლება იქნას გამოყენებული პოლიტიკური მართლმსაჯულების პირობებში მის წინააღმდეგ".
"ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან, პაატა ბურჭულაძესთან იყო [შესული] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი. როგორც აგვიხსნეს, საქმე ეხებოდა სადღაც ჩამარხული იარაღის ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც ბუნებრივია, არავითარი ინფორმაცია პაატა ბურჭულაძეს არ აქვს. ამასთან, გამოკითხვის ოქმში დავაფიქსირეთ ის, რომ ის არის პოლიტიკური ტყვე, პოლიტიკური პატიმარი და მის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. მის მიერ კანონის ფარგლებში გაკეთებული განცხადებები უკვე არის გამოყენებული მის წინააღმდეგ, შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ნებისმიერი ინფორმაცია ან ჩვენება, რომელსაც მისცემს მით უმეტეს ასე დაუგეგმავად, უცებ მოსვლით, შეიძლება იქნას გამოყენებული პოლიტიკური მართლმსაჯულების პირობებში მის წინააღმდეგ, შესაბამისად ამ ეტაპზე ბურჭულაძემ ჩვენების მიცემაზე, მათ შორის სუს-ისთვის, უარი განაცხადა.
ამასთან, პროცესმა ჩაიარა მშვიდად. თანამშრომლების ქმედებები იყო კანონის შესაბამისი, პროცედურები იყო სრულად დაცული, არანაირი ჩივილები არ გვაქვს, უბრალოდ, ბუნებრივია, ასე მოსვლა, ღამის საათებში, ადვოკატის გაუფრთხილებლად, არის პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ დგას. თუმცა მადლობა თანამშრომლებსაც და ბატონ პაატასაც, რომელიც ამ სიტუაციაში არ დაიბნა და მოვასწარი მოსვლა, სანამ გამოკითხვის პროცესი დასრულდებოდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არანაირი კანონდარღვევა თანმშრომლებში არ შეგვიმჩნევია". - განაცხადა ადვოკატმა TV პირველთან.
მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია რომ სუს-ის წარმომადგენელები გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ მურთაზ ზოდელავასთანაც, თუმცა გამოკითხვის დეტალები არ იცის.
ცნობისთვის, იგივე საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სუს-ში გამოიკითხა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) წარმომადგენლები პაატა ბურჭულაძესთან და მურთაზზოდელავასთან გამოკითხვაზე იყვნენ შესულები.
ცნობისთვის, 5 ოქტომბერს სუს-მა განაცხადა, რომ მათ მიერ მიერ აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით. უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები 4 ოქტომბრის აქციას უკავშირდება. მათივე ცნობით, აღნიშნული საბრძოლო მასალის გამოყენებით, თბილისში 4 ოქტომბერს "დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო".
საქმეზე ბრალი საქართველოს მოქალაქე ბ.ჭ.-ს წარედგინა, მასზე სუს-მა ძებნა გამოაცხადა.
4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".
ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.
მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა.
მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი.
ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ , ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.
რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო დღეებში აიყვანეს აქციის მონაწილეებიც. ივანიშვილის პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ დაკავებულთა რიცხვი "მნიშვნელოვნად გაიზრდება".





