4 ოქტომბერი

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ კიდევ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა 4 ოქტომბრის აქციის საქმის ფარგლებში დაკავებულ 5 პირს - გენადი კუპრეიშვილს, ალექსანდრე ჩილაჩავას, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიასა და სულხან ტუღუშს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, პროკურორის თქმით, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ, დაცვის მხარის განცხადებით, არ იკვეთება ჯგუფური დანაშაული.

ხუთივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის, "ა“ ქვეპუნქტით, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების  მცდელობას, ჩადენილი ჯგუფურად გულისხმობს და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დღეს, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა საქმეზე დაკავებულ კიდევ 7 პირს, ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს, კონსტანტინე კოკაიას და კობა ეპიტაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ დაკავებულია აქციის 46 მონაწილე, მათ ნაწილს პატიმრობა უკვე შეეფარდა. 

გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში დაკავებულ 6 პირს, გოჩა ყატაშვილს, საბა კორძაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი კიკნაველიძესა და ნანა სანდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

7 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტში შემავალი 5 პირის მიმართ - ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე და ბერიძე. 

4 ოქტომბრის აქციის საქმესთან დაკავშირებით პატიმრობა ასევე შეფარდებული აქვს ბექა მაჭავარიანს, ვახტანგ ფიცხელაურს, მანუჩარ მიქელაძეს, ალექსანდრე ხაბეიშვილს და სერგო მეგრელიშვილს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის გადაწყვეტილებით ასევე პატიმრობა შეეფარდათ დავით ჟღენტს, ალექსანდრე გოგოლაძეს, კახაბერ მჟავანაძეს და გიორგი რურუას, ხოლო მოსამართლე ლელა მარიდაშვილის - თორნიკე მჭედლიშვილს, დავით სტურუას, აბო ნავერიანს და ევა შაშვიაშვილს.

4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".

ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.

მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა. 

მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი. 

ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ , ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.

რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო დღეებში აიყვანეს აქციის მონაწილეებიც. ივანიშვილის პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ დაკავებულთა რიცხვი "მნიშვნელოვნად გაიზრდება".

კომენტარები