4 ოქტომბერი

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე 6 პირს, მათ შორის, ნანა სანდერს, პატიმრობა შეეფარდა

IPN

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში დაკავებულ 6 პირს, გოჩა ყატაშვილს, საბა კორძაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი კიკნაველიძესა და ნანა სანდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - ინფორმაციას IPN ავრცელებს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო. 

შსს-ს მიერ რამდენიმე საათის წინ გაკეთებული ბოლო განცხადების მიხედვით, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით საერთო ჯამში 44 პირია დაკავებული. 

მათ ნაწილს პატიმრობა უკვე შეეფარდა. 

7 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტში შემავალი 5 პირის მიმართ - ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე და ბერიძე. 

4 ოქტომბრის აქციის საქმესთან დაკავშირებით პატიმრობა ასევე შეფარდებული აქვს ბექა მაჭავარიანს, ვახტანგ ფიცხელაურს, მანუჩარ მიქელაძეს, ალექსანდრე ხაბეიშვილს და სერგო მეგრელიშვილს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის გადაწყვეტილებით ასევე პატიმრობა შეეფარდათ დავით ჟღენტს, ალექსანდრე გოგოლაძეს, კახაბერ მჟავანაძეს და გიორგი რურუას, ხოლო მოსამართლე ლელა მარიდაშვილის - თორნიკე მჭედლიშვილს, დავით სტურუას, აბო ნავერიანს და ევა შაშვიაშვილს.

4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".

ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.

მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა. 

მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი. 

ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ , ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.

რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო დღეებში აიყვანეს აქციის მონაწილეებიც. ივანიშვილის პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ დაკავებულთა რიცხვი "მნიშვნელოვნად გაიზრდება".

კომენტარები