4 ოქტომბერი

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ 4 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლელა მარიდაშვილმა 4 ოქტომბრის აქციის საქმის ფარგლებში დაკავებულ 4 პირს - თორნიკე მჭედლიშვილს, დავით სტურუას, აბო ნავერიანს და ევა შაშვიაშვილს აღკვეთს ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე მათთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, პროკურატურა კი პატიმრობას - მოსამართლემ ბრალდების პოზიცია გაიზიარა.

ოთხივე მათგანი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების ჯგუფურად მცდელობის ბრალდებით არიან დაკავებულები.

სხდომაზე დაცვის მხარემ მოსამართლის აცილება მოითხოვა, რადგან ლელა მარიდაშვილი 2017-2023 წლებში საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო ქართული ოცნებიდან.

ბრალდების მხარე დაცვის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. მარიდაშვილმა თავი არ აიცილა. 


4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და განაცხადა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".

ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.

მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა. 

მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი. 

ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.

"დაგიდასტურებთ, რომ აქციაზე რამდენიმე პირია დაკავებული, მოგვიანებით გავავრცელებთ განცხადებას თუ ვინ არის დაკავებული, რა მუხლით და რა წარმოება აქვს შსს-ს" - თქვა დარახველიძემ.

კომენტარები