რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პოლონეთში უკრაინისა და NATO-ს ჯარებისთვის ახალი სამხედრო მომზადების ცენტრი გაიხსნა

X

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ პოლონეთში უკრაინისა და NATO-ს ჯარებისთვის ერთობლივი სამხედრო მოსამზადებელი ცენტრი "კემპ იომსბორგი" გაიხსნა.

"კემპ იომსბორგი", რომელიც ერთდროულად 1 200 სამხედროს განთავსებას შეძლებს, უკრაინელი ჯარებისთვის ყველაზე დიდი მოსამზადებელი ცენტრი იქნება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ევგენ მოისიუკმა განაცხადა, რომ ცენტრი "გაააქტიურებს საბრძოლო გამოცდილების გაცვლას უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და NATO-ს შორის". 

"ამ მოსამზადებელ ცენტრში პარტნიორებს დრონების გამოყენებისა და მათ საწინააღმდეგო მოქმედებების კუთხით გამოცდილებას გავუზიარებთ." - დაამატა მოისიუკმა.

მოისიუკის თქმით, ცენტრი ევროპელი პარტნიორების, განსაკუთრებით, ნორვეგიის, მხარდაჭერით დაარსდა.

"კემპ იომსბორგი" პოლონეთის სამხედრო სასწავლო პოლიგონზე მდებარეობს. ამჟამად იქ უკვე 250 ნორვეგიელი ინსტრუქტორი მუშაობს და იგეგმება, რომ მალე მათ სპეციალისტები ესტონეთიდან და NATO-ს სხვა ქვეყნებიდანაც დაემატებიან.

ნორვეგიული ძალების თქმით, ახალი საინსტრუქციო ჰაბი მომავალ უკრაინელ ტრენერებს საბრძოლო ლიდერობას, საბრძოლო სტრესის ქვეშ გამძლეობასა და NATO-ს ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის სისტემების მუშაობას ასწავლის. გავრცელებული ინფორმაციით, წლის ბოლომდე ლიდერობასა და აღჭურვილობაზე გაძლიერებულ კურსებს ასობით უკრაინელი სამხედერო ინსტრუქტორი გაივლის.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, სამხედროები პოლონეთში "კემპ იომსბორგს" აგვისტოდან მოყოლებული აშენებდნენ. არმიის თქმით, აქამდე ნორვეგიის ხელმძღვანელობით წვრთნები ჩრდილოეთ ნორვეგიაში ხდებოდა, მოგვიანებით კი წვრთნებმა უკრაინის საზღვრებს შიგნით გადაინაცვლა.

კომენტარები