გირჩი-მეტი თავისუფლების დაკავებული წევრის, გელა ხასაიას ადვოკატის, ომარ ფურცელაძის თქმით, ბრალდების მხარეს საქმეში არცერთი ნეიტრალური მტკიცებულება არ უდევს.
"ამ ეტაპზე, გელა ხასაიას ბრალი ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით აქვს წარდგენილი. შესაბამისად, მასთან ერთად, კიდევ ერთი პირია ბრალდებული - მისთვის უცნობი პიროვნება. გელა მას არ იცნობს. მისი სახელი და გვარი ჩვენც საქმის მასალებიდან შევიტყვეთ [...]
ასეთ მოკლე დროში საქმის მასალებს ჯერჯერობით სრულად ვერ გავეცანით, მაგრამ გადახედვით ვნახეთ, რომ საქმეში არავითარი ნეიტრალური მტკიცებულება არ დევს - როგორიცაა კამერის ჩანაწერი, ან სხვა რაიმე ინფორმაციის მატარებელი. საქმეში მხოლოდ კონკრეტული პირების ჩვენებებია. გამოვიკვლევთ მათ ვინაობას, გელა ხასაიას მიმართ მათ კავშირებსა და ინტერესებს და იმასაც გავიგებთ, რა მოტივი აქვთ, როცა გარკვეული ტიპის ჩვენებას აძლევენ, რაც მერე გელა ხასაიას ინკრიმინირების წინაპირობა ხდება". - თქვა ომარ ფურცელაძემ ხასაიასთვის ბრალის წარდგენის შემდეგ.
ადვოკატის თქმით, ეს საქმე ხასაიას პოლიტიკური დევნაა.
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე ორ პირს, მათ შორის, გელა ხასაიას ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს". - წერია პროკურატურის განცხადებაში.
თავდაპირველად, პარტია გირჩი მეტი თავისუფლების წევრი გელა ხასაია და 1998 წელს დაბადებული ვ.ქ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე დააკავეს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
29 სექტემბრის გვიან საღამოს გირჩი მეტი თავისუფლების წევრი, გელა ხასაია დააკავეს.
ხასაიას ადვოკატი, ომარ ფურცელაძე ვარაუდობდა, რომ საქმე ეხება 1 სექტემბერს, სადგურის მოედანზე მომხდარ კონფლიქტს, რომელსაც გელა ხასაია შეესწრო. ფურცელაძე ხაზგასმით ამბობდა, რომ სიტყვიერი დაპირისპირება ხასაიასთვის უცნობ პირებს შორის მოხდა.
30 სექტემბერს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხასაიას თანმხლები პირი ცემის ფაქტს ადასტურებს.
ერთ-ერთი პირის თქმით კი, დაზარალებული ხასაიაზე სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა, რამაც ხასაიას მხრიდან აგრესია გამოიწვია.





