შსს-ს ინფორმაციით, პარტია გირჩი მეტი თავისუფლების წევრის, გელა ხასაიას თანმხლები პირი ცემის ფაქტს ადასტურებს.
ერთ-ერთი პირის თქმით კი, დაზარალებული ხასაიაზე სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა, რამაც ხასაიას მხრიდან აგრესია გამოიწვია.
შსს-ს ცნობით, ხასაია ადასტურებს ძალადობის მცდელობას, თუმცა უარყოფს მისი მხრიდან ძალადობის ფაქტს.
"გელა ხასაიას თანმხლები პირები დაზარალებულის ცემის ფაქტს ადასტურებენ. ინციდენტის დროს, მასთან ერთად მყოფი ერთ-ერთი პირი, ასევე, ამბობს, რომ დაზარალებული სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა ხასაიაზე და ამ უკანასკნელის მხრიდან აგრესია და დაზარალებულის ცემა სწორედ ამან გამოიწვია.
ინციდენტს ადასტურებს თავად გელა ხასაიაც, თუმცა ძალადობას უარყოფს". - უთხრეს ტაბულას შსს-ში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარტია გირჩი მეტი თავისუფლების წევრი გელა ხასაია და 1998 წელს დაბადებული ვ.ქ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
მუხლი 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.
29 სექტემბრის გვიან საღამოს გირჩი მეტი თავისუფლების წევრი, გელა ხასაია დააკავეს.
ხასაიას ადვოკატი, ომარ ფურცელაძე ვარაუდობდა, რომ საქმე ეხება 1 სექტემბერს, სადგურის მოედანზე მომხდარ კონფლიქტს, რომელსაც გელა ხასაია შეესწრო. ფურცელაძე ხაზგასმით ამბობდა, რომ სიტყვიერი დაპირისპირება ხასაიასთვის უცნობ პირებს შორის მოხდა.





