პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე ორ პირს, მათ შორის, პარტია გირჩი მეტი თავისუფლების წევრს, გელა ხასაიას ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს". - წერია განცხადებაში.
თავდაპირველად, პარტია გირჩი მეტი თავისუფლების წევრი გელა ხასაია და 1998 წელს დაბადებული ვ.ქ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე დააკავეს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
29 სექტემბრის გვიან საღამოს გირჩი მეტი თავისუფლების წევრი, გელა ხასაია დააკავეს.
ხასაიას ადვოკატი, ომარ ფურცელაძე ვარაუდობდა, რომ საქმე ეხება 1 სექტემბერს, სადგურის მოედანზე მომხდარ კონფლიქტს, რომელსაც გელა ხასაია შეესწრო. ფურცელაძე ხაზგასმით ამბობდა, რომ სიტყვიერი დაპირისპირება ხასაიასთვის უცნობ პირებს შორის მოხდა.
30 სექტემბერს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხასაიას თანმხლები პირი ცემის ფაქტს ადასტურებს.
ერთ-ერთი პირის თქმით კი, დაზარალებული ხასაიაზე სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა, რამაც ხასაიას მხრიდან აგრესია გამოიწვია.





