გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ინდოელმა მაღალჩინოსნებმა აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს კვლავ გაუმეორეს მათი პოზიცია, რომ ინდოეთმა შესაძლოა, რუსეთიდან ნავთობის იმპორტი შეამციროს, თუკი სანაცვლოდ სანქცირებული ირანისგან ან ვენესუელისგან ნავთობის ყიდვას შეძლებს.
წყაროების ინფორმაციით, ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას აშშ-ში ჩასულმა ინდოელმა მაღალჩინოსნებმა გამოხატეს შიში, რომ ნედლი ნავთობის ფასები შესაძლოა, გაიზარდოს, თუ რუსეთიდან, ისევე როგორც წარსულში ირანიდან და ვენესუელიდან, ნავთობის მიწოდება შეწყდება.
ინდოეთის წარმომადგენლები აშშ-ში მოლაპარაკებების მიზნით მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ინდოეთს მკაცრი ტარიფები დაუწესა რუსული ნავთობის შესყიდვის გამო. დამატებითი გადასახადების მიუხედავად, ინდოეთი რუსეთისგან ნედლი ნავთობის იმპორტს განაგრძობს, თუმცა შედარებით დაბალ დონეზე.
მიმდინარე კვირაში ინდოეთის ვაჭრობის მინისტრმა, პიუშ გოიალმა განაცხადა, რომ ინდოეთს ამერიკისგან ნავთობისა და ბუნებრივი აირის შესყიდვის გაზრდა სურს და დაამატა, რომ "ჩვენი ენერგოუსაფრთხოების მიზნებში აშშ-ს ჩართულობის ელემენტი ძალიან მაღალი იქნება."
ინდოეთმა ირანისგან ნავთობის შესყიდვა 2019 წელს შეწყვიტა, ხოლო ქვეყნის უდიდესმა კერძო ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიამ, Reliance Industries Ltd.-მ, ვენესუელური ნედლი ნავთობის შესყიდვა წელს შეაჩერა აშშ-ს მხრიდან მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ შემოღებული უფრო შემზღუდავი სანქციების გამო.





