რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Bloomberg: ევროპელებმა კრემლი გააფრთხილეს, რომ რუსული თვითმფრინავების ჩამოსაგდებად მზად არიან

რუსული ავიაგამანადგურებელი МиГ-31

Bloomberg-ს ევროპელი ოფიციალური პირები უყვებიან, რომ ევროპელმა დიპლომატებმა კრემლი გააფრთხილეს, რომ NATO მზადაა, მისი საჰაერო სივრცის შემდგომ დარღვევებს სრული ძალით უპასუხოს, მათ შორის რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებითაც.

გამოცემის ცნობით, მოსკოვში გამართულ დაძაბულ შეხვედრაზე ბრიტანელმა, ფრანგმა და გერმანელმა წარმომადგენლებმა სამი МиГ-31-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის მიერ გასულ კვირას ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის შესახებ შეშფოთება გამოთქვეს.

ოფიციალური პირები გამოცემას უყვებიან, რომ საუბრის შემდეგ ევროპელმა დიპლომატებმა დაასკვნეს, რომ ეს დარღვევა რუსი სამხედრო მეთაურების მიერ განზრახი გაცემული ტაქტიკური ბრძანება იყო.

გამოცემის წყაროების თქმით, შეხვედრის დროს რუსმა დიპლომატმა ევროპელებს განუცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეჭრები ყირიმში უკრაინის თავდასხმებზე პასუხი იყო. კრემლის თქმით, ეს ოპერაციები ნატოს მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა და შესაბამისად, რუსეთი თვლის, რომ უკვე ჩართულია ისეთ კონფრონტაციაში, რომელშიც ევროპული ქვეყნებიც მონაწილეობენ.

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსული მხარე შეხვედრის დროს დეტალურ ჩანაწერებს აკეთებდა, რაც ევროპელ წარმომადგენლებს აფიქრებინებს, რომ დიპლომატებს მითითება ჰქონდათ, ნატოს პოზიციის სრულყოფილი ანგარიში კრემლის ზედა დონეზე სრულყოფილად მიეწოდებინათ.

გამოცემასთან საუბრისას გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ შეხვედრა მართლაც შედგა და ელჩებმა მოსკოვს განუცხადეს, რომ შეჭრები უნდა შეწყდეს. კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის პარიზს, ლონდონსა და ვარშავასთან ერთად კოორდინაციაშია და მხარს "ყველა აუცილებელ ზომას" უჭერს.


ცნობისთვის, 19 სექტემბერს სამი MiG-31 ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქვეყნის ტერიტორიაზე ჯამში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რაც წელს რუსეთის მხრიდან ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მეოთხე შემთხვევა იყო.

მანამდე, 10 სექტემბერს, პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს, რის პასუხადაც პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რუსული დრონების ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 23 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ NATO-ს ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ ის რუსული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც ალიანსის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ "დიახ, ასე ვფიქრობ".

25 სექტემბერს საფრანგეთში რუსეთის ელჩი, ალექსეი მეშკოვი ომით დაიმუქრა, თუ NATO საკუთარ საჰაერო სივრცეში რუსულ თვითმფრინავს ჩამოაგდებს.

კომენტარები