პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა უკრაინაში ვიზიტის დროს თქვა, რომ პოლონეთი და უკრაინა უპილოტო საფრენ აპარატების მართვის უნარების ერთობლივად განვითარებაზე შეთანხმდნენ.
"სამინისტროებს შორის გავაფორმებთ შეთანხმებას თანამშრომლობაზე, ისევე, როგორც დრონების ოპერირების შესახებ უნარების განვითარებაზე. საუბარი ასევე შეეხება ერთობლივი ინდუსტრიული ინიციატივებს განვითარებას" – ამბობს კოსინიაკ-კამიში.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ომით მიღებული გამოცდილებით დაეხმარება პოლონელ სამხედროების საბრძოლო მოქმედებებისთვის მომზადებაში.
კოსინიაკ-კამიში, პოლონეთის ვიცეპრეზიდენტთან და სამხედრო დელეგაციასთან ერთად კიევში დღეს, 18 სექტემბერს ჩავიდა.
10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.
რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, არავინ დაშავებულა.
პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა.
"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დრონები NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ყველა ჩვენი მოკავშირე სიტუაციას სერიოზულად უდგება". - თქვა ტუსკმა.
მოგვიანებით პოლონეთის ხელისუფლებამ NATO-ს წესდების მეოთხე მუხლი გააქტიურა, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვას გულისხმობს.
12 სექტემბერს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის დრონების შეჭრის საპასუხოდ NATO ოპერაცია "აღმოსავლეთის მცველს" იწყებს, რომლის მიზანიც ევროპის აღმოსავლეთი ფლანგის დაცვის გაძლიერებაა.
დღეს, 13 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომის დაწყებამდე პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, მარცინ ბოსაცკიმ 40-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს საერთო განცხადება გაავრცელა, რომელშიც პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის გამო შეშფოთება არის გამოთქმული.





