18 სექტემბერს გაერთიანებული სამეფოს პოლიციამ უცხოური სადაზვერვო სამსახურის აგენტობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა, რაც, მათი თქმით, რუსეთთან მიმართებით გამოძიებასთანაა კავშირში.
ესექსში, ლონდონის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქში, დაკავებულებს - რომელთაგან ორი 41 და 46 წლის მამაკაცია, ხოლო მესამე - 35 წლის ქალი - ბრალი ედებათ სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ორი წლის წინ მიღებული კანონის დარღვევაში.
“ჩვენს თანამედროვე სახელმწიფო უსაფრთხოების ოპერაციებში შეინიშნება მზარდი რიცხვი “მარიონეტებისა,” რომლებსაც უცხოური სადაზვერვო სამსახურები ასაქმებენ.” - განაცხადა ლონდონის პოლიციის ანტიტერორისტული განყოფილების უფროსმა, მეთაურმა დომინიკ მერფიმ.
Reuters-ის შეფასებით, ლონდონი დიდი ხანია, რუსეთს მთელი ევროპის მასშტაბით ბრალს სდებს ჯაშუშურ საქმიანობაში. ბრიტანეთის შიდა დაზვერვის უფროსმა რუსეთის ქმედებები “ქაოსის” გამოწვევის მცდელობად შეაფასა.
როგორც Reuters წერს, კრემლი უარყოფს გაერთიანებული სამეფოს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ ბრიტანეთი ყველა “ცუდ” მოვლენაში რუსეთს ადანაშაულებს.
ამას გარდა, ივლისში დამნაშავედ ცნეს კიდევ სამი ადამიანი , რომლებსაც ლონდონში უკრაინულ ბიზნესზე თავდასხმა ედებოდათ ბრალად. ბრიტანელი მაღალჩინოსნების შეფასებით, თავდასხმა კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” დაგეგმილი იყო, რაშიც ისინი კიდევ ორი სხვა პირის აღიარებით ჩვენებას ეყრდნობიან. მანამდე, მარტში, ჯაშუშური რაზმის წევრობისთვის ასევე დამნაშავედ ცნეს ბულგარეთის მოქალაქეებისგან შემდგარი დაჯგუფება, რომელიც კრემლის სახელით იმართებოდა.
“ორი ახალგაზრდა ბრიტანელი კაცი ელოდება განაჩენს მას შემდეგ, რაც მათ მონაწილეობა მიიღეს “ვაგნერის” მიერ დაგეგმილ ოპერაციაში, რომლის სამიზნეც ერთ-ერთი უკრაინული ბიზნესის საწყობი იყო.” - განაცხადა მერფიმ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ დღეს დაკავებულ პირებს არანაირი კავშირი არ აქვთ მანამდე მომხდარ გამოძიებებთან.





