გაერთიანებული სამეფო

ბრიტანული მედია: სტარმერი სავარაუდოდ გადადგომის შესახებ გამოაცხადებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი
Leon Neal/Getty Images

ბრიტანულ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი სავარაუდოდ გადადგომისთვის ემზადება. 

მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, სტარმერმა გადაწყვეტილება საკუთარ მრჩევლებთან, მინისტრებთან, პროფკავშირების ლიდერებთან და პარტიის დონორებთან საუბრის შემდეგ მიიღო. 

მედიასთან საუბრისას ბრიტანეთის ბიზნესის მინისტრმა, პიტერ კაილმა კონკრეტული გეგმების განხილვაზე უარი თქვა, თუმცა აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრი "პოლიტიკურ რეალობებს" აცნობიერებს და გააკეთებს "იმას, რაც ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში შედის". 

ბრიტანული გამოცემა Observer საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სტარმერმა "ცხადი განცხადება" შესაძლოა ხვალამდე, ორშაბათამდე გამოაქვეყნოს. 

თუმცა, პრემიერმინისტრის კაბინეტს ეს ცნობები ოფიციალურად არ დაუდასტურებია. Observer-თან საუბრისას ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ უახლოეს მომავალში სტარმერის გადადგომაზე ცნობები "მხოლოდ სპეკულაციაა". 

გამოცემები წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის წევრების დიდი ნაწილი მანჩესტერის ყოფილი მერის, ენდი ბერნემის პრემიერობას უჭერს მხარს - ბერნემმა ცოტა ხნის წინ მეიკერფილდის მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვა და ნაიჯელ ფარაჯის "რეფორმების პარტიის" კანდიდატი დაამარცხა. 

როგორც Observer საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, სტარმერს მოუწოდებენ, რომ საკუთარი განზრახვები 23 ივნისს დაგეგმილ მინისტრთა შეხვედრამდე ცხადყოს. 

გამოცემის მიხედვით, სტარმერის მხარდამჭერები მოელიან, რომ პრემიერი სექტემბერში თანამდებობის დატოვების გეგმას წარადგენს.

მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, სტარმერს აქამდე გადადგომისკენ კლიმატის ცვლილების მინისტრმა ედ მილიბანდმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა შაბანა მაჰმუდმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა და ტრანსპორტის მინისტრმა ჰეიდი ალექსანდრმა მოუწოდეს. 

Observer-ის ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც სტარმერთან არის დაახლოებული, თქვა, რომ პრემიერი თანამდებობის დატოვებით "ვაკუუმს" არ შექმნის, არამედ "წესრიგში მოყვანილ ნელ და წინასწარგანზრახულ მარშს დაალაგებს", რაც "ვალდებულებისა და ღირსების საკითხია". 

"ვფიქრობ, ის რეალობას ხედავს. "ქაოსის" (როგორც მან სამართლიანად აღნიშნა) შეჩერება ახლა დარჩენით შეუძლებელია, ასე რომ, ეს ერთადერთ ვარიანტს ტოვებს. ვფიქრობ, ის ახლა ამას ქვეყნისა და პარტიის მსახურების ერთგულ ვარიანტად ხედავს". - უთხრა წყარომ გამოცემას. 

როგორც Observer წერს, ბერნემის მომხრეები ამბობენ, რომ მან ლეიბორისტული პარტიის 201-ზე მეტი პარლამენტარის მხარდაჭერა მოიპოვა, რათა სტარმერის წინააღმდეგ კენჭი იყაროს იმ შემთხვევაში, თუკი ის თავისი ნებით არ გადადგება. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვანია, რადგან ლეიბორისტი პარლამენტარების ნახევარზე მეტს მოიცავს. 

გარდა ამისა, ბრიტანეთის იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ჩარლი ფალკონერმა BBC-ს უთხრა, რომ სტარმერს "აღარანაირი ავტორიტეტი აღარ დარჩა, რადგან ყველა ვარაუდობს, რომ ენდი ბერნემნი მას ლიდერობაზე შეჯიბრში გამოიწვევს და ყველა ვარაუდობს, რომ ის მოიგებს". 

ერთ-ერთმა წყარომ Observer-ს უთხრა, რომ სტარმერი "დელუზიური" არ არის, ლიდერობაზე ენდი ბერნჰამთან შესაძლო შეჯიბრის შედეგებს განიხილავს და "ერთგულების ფიცებს არავისგან არ ითხოვს". 

სხვა წყაროს თქმით, "შეუძლებელია, რომ კირი თანამდებობაზე დარჩეს ამ კვირის იქით, რადგან ენდის რიცხვები აქვს". 

"არსებობს აშკარა უარყოფითი მხარეები, თუმცა იქ ვართ, სადაც ვართ. კირი მიხვდა, რომ თამაში დასრულებულია და ელეგანტური წასვლაა საჭირო. მას სამართლიანად სურს, რომ დამცირებას თავი აარიდოს, თუმცა კირისთვის პირადად ყველაზე დამამცირებელი იქნება, თუკი ის ლიდერობის არჩევნებში იყრის კენჭს და მწარედ დამარცხდება". - თქვა ერთ-ერთმა წყარომ Observer-თან საუბრისას.

კომენტარები