საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განმარტა, რომ კითხვები პირად ანგარიშებთან და საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვეს.
"პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კითხვები შეეხებოდა იმას ვეხმარებოდი თუ არა მე პირადად დაჯარიმებულებს, მათ მოიტანეს ინფორმაცია ჩემი პირადი ანგარიშიდან გადარიცხვებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ანგარიშზე, რომლის მიზანიც იყო ის რომ დაკავებულების ჯარიმები დაფარულიყო და ეს ადარდებდათ მათ, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად.
მეორე საკითხი, რაც შეეხებოდა იმ ჩემს საჯარო განცხადებებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო თვეების განმავლობაში, სადაც მე ვსაუბრობ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია დასანქცირდნენ კონკრეტული პირები, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში და წამებებში, კორუფციაში და მნიშვნელოვანია სწორედ ამ პირების პასუხისმგებლობა დადგეს და არა საქართველოს მოქალაქეების, ამ განცხადებებთან დაკავშირებით იყო კითხვები.
ასევე, მაგალითად, კითხვა შეეხებოდა იმას რომ ჩვენ გვქონდა კამპანია ნაწამები, დაკავებული მოქალაქეების სოლიდარობის მიზნით და ამ კამპანიასთან დაკავშირებით ჰქონდათ მათ კითხვები, ასევე როგორც ჩანს, პრობლემა იყო შვიდი თუ რვა ლაბადის ყიდვა, აქციების მიმდინარეობის დროს და სხვადასხვა ასეთი კითხვები იყო, რომლებიც არ ვიცი როგორ უკავშირდება ზოგადად იმ გამოძიებას, რომელსაც ისინი აწარმოებენ.
საერთო ჯამში, აქ საუბარია იმაზე რომ დააშინონ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ხედავენ რომ მიიღეს ძალიან ბევრი კანონი, რომელიც ზღუდავს ჩვენს საქმიანობას, ახლა უკვე გამოძიებაც დაიწყეს ჩვენი საქმიანობის წინააღმდეგ და ვნახოთ, როგორ განვითარდება, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას და პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების დაცვას." - თქვა ეკა გიგაურმა.
"არ ვიცი, ნამდვილად არაფერს არ გამოვრიცხავ, კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენებაზე არის საუბარი ამას არ აკეთებენ ორგანიზაციები გამჭვირვალე გადარიცხვებით, დეღეგეს გადახდით და ზედნადებებით, ეს ყველაფერი არის ძალიან გამჭვირვალე, ჩვენი საქმიანობა არის გამჭვირვალე, ყველა ჩვენი განცხადება დევს ვებგვერდზე, ჩვენი პოზიცია ფიქსირდება როგორც განცხადებებში, ასევე სხვადასხვა ანგარიშებში, შესაბამისად, მე მგონია რომ სწორედ ეს არის პრობლემა, ის რომ ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემებზე და ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის." - ასე პასუხობს ეკა გიგაური ჟურნალისტის დასმულ კითხვას, შეეხებიან თუ არა კიდევ უფრო მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას და სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი.
ცნობისთვის, 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკამყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა "საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის" ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე.
- აქციებზე ძალადობა მათი სახსრებით ფინანსდებოდა – სასამართლომ 7 NGO-ს ყადაღა დაადო
- ზოგიერთი NGO-ს ხელმძღვანელი მოწმის სახით პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარე
ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე ასევე იმყოფებოდა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელი ბაია პატარაია.





