არასამთავრობო ორგანიზაციები

იყო ძალიან არასერიოზული, ჩემი აზრით, დაკარგული საათნახევარი - პატარაია გამოკითხვაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ  მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძირითადი კითხვები მის ფეისბუქ პოსტებთან და საფარის საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. მან ასევე დასძინა, რომ საათნახევარი, რომელიც სასამართლოში გაატარა, დროის დაკარგვა იყო. 

"სათითაოდ ირჩეოდა ჩემი ფეისბუქ პოსტები, ისეთი პოსტები, როგორიც არის - "თავისუფლებამდე თუ გინდა მიხვიდე, რუსთაველი უნდა გაიარო", რას გულისხმობთ ამაშიო? ესეთ რაღაცებს მეკითხებოდნენ. იყო ძალიან არასერიოზული, ჩემი აზრით, მგონია, რომ ეს არის პროკურატურის მოცდენა, სასამართლოს მოცდენა, ჩემი დროის მოცდენა.

კითხვები იყო ძირითადად იმაზე, თუ რატომ ვწერ, გაფიცვის უფლება რომ აქვთ ამ ქვეყანაში ადამიანებს, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება რომ აქვთ, ესეთ რაღაცებს რატომ წერო და აინტერესებდათ საფარის საქმიანობა, ძალიან დეტალურად მომაყოლეს, როგორი პროექტები გვაქვს, რას ვაკეთებთ, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენს ფეისბუქ გვერდზე და ჩვენს საიტზე ისედაც დევს და ვინმეს თუ აინტერესებს, შეუძლია, რომ გაეცნოს.

ფინანსებზეც მკითხეს, რომელიც ახლა დაყადაღებულია და გაყინული არის ყველაფერი, მე ვუთხარი, თქვენ გაყინეთ, ყველაფერი თქვენ გაქვთ და ზუსტ ციფრებს მე ვერც გეტყვით, ისედაც იცით ყველაფერი-მეთქი და კარგიო, ჰო, ვიცითო. ვფიქრობ, რომ დაკარგული საათნახევარი იყო და ეს გამოკითხვა გინდა ჩატარებულიყო და გინდა არ ჩატარებულიყო, ამით აბსოლიტურად არაფერი არ შეიცვალა, ვერც მე ვერ მივიღე ვერანაირი ახალი ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, ვერც მათ." - განაცხადა ბაია პატარაიამ.

ცნობისთვის, 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკამყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა "საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის" ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე.

ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე ასევე იმყოფებოდა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე.

კომენტარები