არასამთავრობო ორგანიზაციები

ამ პროცესების მიზანი არის სამოქალაქო საზოგადოების განადგურების გეგმის გადაფარვა - მიქელაძე

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ მაგისტრ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ცნობისთვის, 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკამყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა "საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის" ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე.

ასევე, 1-ელ სექტემბერს, ივანიშვილის პროკურატურამ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა - მათ შორის იყო სოციალურ სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძეც, ამის შემდეგ მიქელაძემ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლაზე უარი თქვა და მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვა.

თამთა მიქელაძის თქმით, გამოკითხვისას დაცვის მხარემ ხაზგასმით ისაუბრა "პოლიციის თვითნებობასა და ძალადობაზე"; როგორც მიქელაძე აღნიშნავს, სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომელთათვის შეძენილი რესპირატორული ნიღბები და უსაფრთხოების საშუალებები გაეროსა და ეუთოს მიერ დადგენილი სტანდარტების და პროტოკოლის მიხედვით იყო შეძენილი.

"მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესების მთავარი მიზანი არის სამოქალაქო საზოგადოების განადგურების გეგმის გადაფარვა.

კარგად არის ცნობილი, რომ რამდენიმე დღის წინ პროკურატურის შუამდგომლობით შვიდი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს დაედო ყადაღა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მუშაობა გაჩერდა და გაგვხადეს დისფუნქციურები. 

ამიტომ, მაშინ როცა საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ვხედავთ რუსული ტიპის განადგურებას სამოქალაქო საზოგადოების, ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი - არა ის, რაზეც დღეს გამოძიება ცდილობს, რომ თითქოს გამოგონილი არგუმენტებით ჩვენს პასუხისმგებლობაზე ისაუბროს.

რა თქმა უნდა, ჩვენ, ჩვენი ორგანიზაციების გადასარჩენად ვიბრძოლებთ სამართლებრივი გზებით - მათ შორის, ადამიანთა ევროპულ სასამართლოში და იმ ანტი-დემოკრატიულ ნაბიჯებზე საქართველოს მთავრობას უკვე სტრასბურგის სასამართლოში მოუწევს პასუხისგება.

რაც შეეხება დღევანდელი გამოძიების მიმდინარეობას - ის იკვლევდა გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში მიმდინარე აქციებთან კავშირში ჩვენს როლს.

ჩვენ ხაზგასმით ვისაუბრეთ პოლიციის თვითნებობასა და სასტიკ ძალადობაზე - ნოემბერსა და დეკემბერში საქართველოს მოქალაქეები ქართულმა ოცნებამ შვიდი ნოემბრის მსგავსად დაარბია, ამის გარდა იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის უმძიმესი შემთხვევები. 

280-ზე მეტი ძალადობის შემთხვევა აქვს დადოკუმენტირებული სახალხო დამცველს - სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები ვსაუბრობთ იმაზე, რომ სპეციალური საშუალებების თანადროული გამოყენება ხდებოდა მიჯრით და არცერთხელ, მხოლოდ ერთი შემთხვევის გარდა, პოლიციამ მოქალაქეები არც კი გააფრთხილა დაშლის შესახებ.

ამიტომ ჩვენ პირიქით, ვესაუბრეთ იმ უმძიმეს ძალადობაზე, რაც საქართველოს პოლიციამ გამოიჩინა და ბუნებრივია, რომ ჩვენი არგუმენტი იყო ის, რომ უფლებადაცვითი ორგანიზაცია, რომელიც ამ პროცესების საათობრივ აღრიცხვას და მონიტორინგს ვაკეთებდით, ამ ძალადობისა და რისკის ზონაში, ჩვენ გვჭირდებოდა უსაფრთხოების საშუალებები და ერთეული რაოდენობის რესპირატორები, სათვალეები, თავის კეპები, რომელიც გაეროსა და ეუთოს მიერ დადგენილი, შეძენილი სტანდარტებით მიღებული სამედიცინო და უსაფრთხოების საშუალებებია არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმენაირ ფინანსურ მობილიზებად აქციის სასარგებლოდ. 

ჩვენ გვქონდა გამოვლილი 2023 წელი, როცა სასტიკად ირბეოდა შეკრებები და პოლიცია არღვევდა კანონს, ძალადობდა მშვიდობიან მოქალაქეებზე - ამიტომ სწორედ განვლილი ძალადობის რისკების გათვალისწინებით, ხოლო მეორეს მხრივ, ეუთოს, გაეროს მიერ დადგენილი სტანდარტებით ჩვენ ჩვენი თანამშრომლებისთვის, რომელიც პროცესის მონიტორინგსა და იურიდიულ დახმარებაში იყვნენ აქტიურად ჩართულები შევუძინეთ საერთაშორისო სტანდარტებითა და პროტოკოლებით მოთხოვნილი თავდაცვის საშუალებები.

რაც შეეხება წიწაკის სპრეებს - მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ჩვენი ორგანიზაცია ქართული ოცნების პირობებში, უკვე რამდენიმეწლიან შევიწროებასა და დევნას განიცდის.

ჩვენთან ჯერ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ალტ-ინფოს ხალხი მოდიოდა და ძალადობით, სიკვდილითა და გაუპატიურებით გვემუქრებოდა.

შემდეგ მათი ტიტუშკები მოვიდნენ ჩემს სახლთან, გააკრეს ფოტოები, გააკეთეს ბინძური წარწერები და ამით ნიშანიც მომცეს, რომ იცოდნენ სად ვცხოვრობდი და შეეძლოთ მოახლოება. 

ამავდროულად 2023 წელს, სხვა ადამიანის სახეებთან, ჩემი სახეც იყო გამოკრული ყველა ქალაქსა და სოფელში, პრაქტიკულად ფიზიკური რისკების წინაშე დაგვაყენეს.

ამიტომ, ჩვენ შევაფასეთ ის რისკები, რომლებიც ჩვენს გუნდის წევრებს ამ სასტიკ რეალობაში ედგათ და ქალებს, ჩვენი თანამშრომლების 90% ქალია, შევუძინეთ საშუალებები იმისთვის, რომ მათ რისკის შემთხვევაში (როცა სამუშაო ადგილებში გადიოდნენ) თავი დაეცვათ". - თქვა მიქელაძემ.

კომენტარები