არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, "რუსეთის მოქალაქეები - ჩეჩინი, ზინოვკინა და გრიბული, ისევე, როგორც პროტესტის ათეულობით სხვა მონაწილე, გახდნენ ივანიშვილის მიერ მიტაცებული, პოლიტიზებული და მიკერძოებული მართლმსაჯულების მსხვერპლნი. მათი გამამტყუნებელი განაჩენები არღვევს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ისე სამართლიანი სასამართლოსა და სამართლის წინაშე თანასწორობის პრინციპებს."
ჩეჩინის, ზინოვკინას და გრიბულის საქმეებზე გამოტანილ სასამართლოს განაჩენებს, ორგანიზაციები რუსული გავლენისა და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მკაფიო გამოხატულებად თვლიან.
დასკვნაში ერთმანეთს შედარებულია, ერთი მხრივ, გიორგი ახობაძის გამამართლებელი განაჩენი და მეორე მხრივ, ჩეჩინის, ზინოვკინასა და გრიბულის გამამტყუნებელი განაჩენები. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მოქალაქეები "ივანიშვილის მიერ მიტაცებული სასამართლოს გამრუდებული მართლმსაჯულების მსხვერპლნი გახდნენ", ვინაიდან მათივე თქმით, ნებისმიერი მიუკერძოებელი და ობიექტური სასამართლო ამ სამ ადამიანს გაამართლებდა.
განცხადებაში ხაზს უსვამენ იმას, რომ ნარკოტიკების ჩადება ხანგრძლივი პრაქტიკაა,"რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ღრმად აქვს ფესვები გამჯდარი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში."
ამ საქმეების შედარებისა და გაანალიზების საფუძველზე, ენჯეოებმა წარმოადგინეს დასკვნა, რომლის თანახმადაც:
"ამ საქმეებში სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა იმის საფუძველზე, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ნეიტრალური და დამაჯერებელი მტკიცებულებები — არ არსებობდა ჩხრეკის ვიდეოჩანაწერები და ნეიტრალური მოწმეები, ბრალდება ეფუძნებოდა მხოლოდ იმ პოლიციელთა ჩვენებებს, რომლებმაც, სავარაუდოდ, ბრალდებულებს ნარკოტიკები ჩაუდეს.
ანტონ ჩეჩინის, ანასტასია ზინოვკინას და არტიომ გრიბულის საქმეებში, მიუხედავად მსგავსი ფაქტობრივი გარემოებებისა, სასამართლოებმა გამამტყუნებელი განაჩენები გამოიტანეს და ყველას 8.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
რუსეთის მოქალაქეების საქმეებში სასამართლოები დაეყრდნენ მხოლოდ პოლიციელებისა და თარჯიმნების ჩვენებებს, რომელთა ობიექტურობა დაცვის მხარემ ეჭვქვეშ დააყენა, რადგან ამ თარჯიმნების დამქირავებელი ბიურო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ფინანსურად იყო დაკავშირებული და თარჯიმნებიც ახლო ურთიერთობაში იყვნენ მოწმე პოლიციელებთან.
ჩეჩინისა და ზინოვკინა-გრიბულის საქმეებში სასამართლოებმა უარი თქვეს საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტის შესრულებაზე — არ მოითხოვეს ვიდეოჩანაწერი და ნეიტრალური მტკიცებულებები, ხოლო, პოლიციელთა განმარტება, რომ „ვიდეოგადაღება შეუძლებელი იყო“ უპრობლემოდ მიიღეს.
თარჯიმნის ფიგურა გახდა ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი ქართველ და რუს ბრალდებულთა საქმეებს შორის — ახობაძის საქმეში თარჯიმანი არ იყო, რუსების საქმეებში კი სწორედ მათი ჩვენება გახდა გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მთავარი საყრდენი.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონმდებელმა არასრულად შეასრულა — სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 13-ე მუხლში სიტყვა „მტკიცებულებები“ შეცვალა მხოლობითი ფორმით („მტკიცებულება“), რითაც შეამცირა საჭირო მტკიცებულებათა რაოდენობის სტანდარტი და მსგავსი განაჩენებისთვის არაკონსტიტუციური საფუძველი შექმნა."
ენჯეოები იმასაც აღნიშნავენ, რომ "ჩეჩინის, ზინოვკინას და გრიბულის მიმართ არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა, არამედ ისინი უსაფუძვლო განსხვავებული მოპყრობის, მაშასადამე, დისკრიმინაციის მსხვერპლნიც გახდნენ."
ასევე დასძენენ, რომ არასათანადო მოპყრობის თაობაზე შესაბამისი ორგანოების მხრიდან სრული ინდიფერენტულობა ვლინდება.
"ნარკოტიკების საქმეების ფიგურანტები
მოსამართლეები:ჯვებე ნაჭყებია, ნინო გალუსტაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები: ლევან ტაბიძე, ალექსი კობერიძე, რევაზ ზირაქაშვილი, გიორგი ხარგელია, გიორგი გურეშიძე, გიორგი ლობჟანიძე, გრიგოლ კაჭკაჭიშვილი, პაატა მჭედლიშვილი, ლაშა თავაძე, ემილ კუპრავა, მირზა ჯაფარიძე, ლაშა ხარხელაური, გიორგი როსოფიძე, არჩილ ნაცვლიშვილი, ედგარ ოგანესიანი, გიორგი ჩიკვაიძე, ზურაბ რუსიშვილი, ჯემალ მირაზანაშვილი, ირაკლი მუხათგვერდელი, თამარ ძნელაძე, ბაქარ ლებანიძე.
პროკურორები: შმაგი გობეჯიშვილი, ნუგზარ ჭიტაძე.
თარჯიმნები: შორენა ტაბატაძე, ანაიდა საფარიანი."





