პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის თქმით, რუსეთი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილ დრონთან დაკავშირებით იტყუება და წინააღმდეგობრივ განცხადებებს აკეთებს.
შიკორსკის თქმით, რუსეთი ერთდროულად ამტკიცებს, რომ შეუძლებელია, რუსულმა დრონებმა პოლონეთს მიაღწიონ და რომ რუსული დრონმა პოლონეთის საჰაერო სივრცე შეცდომით დაარღვია.
ამის შესახებ შიკორსკი X-ზე წერს.
"რუსეთის მთავრობა მიუთითებს, რომ რუსულმა დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე შეცდომით დაარღვიეს, ხოლო გაეროში რუსეთის ელჩის მტკიცებით, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ რუსულმა დრონებმა პოლონეთს მიაღწიონ. რომელ რუსულ ტყუილს უნდა დავუჯეროთ?" - წერს შიკორსკი.
10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.
რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, არავინ დაშავებულა.
პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა.
"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დრონები NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ყველა ჩვენი მოკავშირე სიტუაციას სერიოზულად უდგება". - თქვა ტუსკმა.
მოგვიანებით პოლონეთის ხელისუფლებამ NATO-ს წესდების მეოთხე მუხლი გააქტიურა, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვას გულისხმობს.
12 სექტემბერს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის დრონების შეჭრის საპასუხოდ NATO ოპერაცია "აღმოსავლეთის მცველს" იწყებს, რომლის მიზანიც ევროპის აღმოსავლეთი ფლანგის დაცვის გაძლიერებაა.
დღეს, 13 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომის დაწყებამდე პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, მარცინ ბოსაცკიმ 40-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს საერთო განცხადება გაავრცელა, რომელშიც პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის გამო შეშფოთება არის გამოთქმული.





