საქართველო-რუსეთი

"40-ზე მეტი მონაწილე" - რუსეთის სექციამ თბილისში რუსულის პედაგოგებს ტრენინგი ჩაუტარა

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციამ რუსული ენის პედაგოგებისთვის ტრენინგი ჩაატარა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარებულ ტრენინგში, რუსეთის ინტერესების სექციის ცნობით, 40-ზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობდა.

"5 და 6 სექტემბერს თბილისში ჩატარდა ტრენინგი, რომელიც ეძღვნებოდა რუსული ენის სწავლების აქტუალურ საკითხებს. პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგანმანათლებლო პროცესში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციასა და გაკვეთილებზე ახალი თამაშის მეთოდოლოგიების ეფექტურ გამოყენებას. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტმა მასწავლებელმა-რუსოლოგმა, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან." - ნათქვამია საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობის განცხადებაში.

განცხადებაში, რომელსაც ღონისძიების ფოტოებიც აქვს დართული, ნათქვამია, რომ ტრენინგი მოსკოვიდან მოწვეულმა რუსული ენის სპეციალისტებმა ჩაატარეს.

2025 წლის ივნისის დასაწყისში რუსეთმა თბილისში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ახალ ხელმძღვანელად დმიტრი ოლისოვი დანიშნა. რამდენიმე დღეში ოლისოვმა დადო პირობა, რომ საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციისთვის მუშაობას გააგრძელებდა.

 

კომენტარები