იემენის დედაქალაქ სანააში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაჯგუფების პრემიერმინისტრი, აჰმედ ალ-რაჰავი დაიღუპა. ინფორმაცია ტერორისტულმა ორგანიზაციამ თავად დაადასტურა.
ჰუსიტებმა გაავრცელეს განცხადება, რომელიც მათ ლიდერს მაჰდი ალ-მაშათს ეკუთვნის.
განცხადების მიხედვით იერიშის შედეგად პრემიერმინისტრის გარდა დაჯგუფების მთავრობის სხვა მინისტრებიც დაიღუპნენ.
ებრაული მედიის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) მიიჩნევს, რომ იერიშს ჰუსიტების მთავრობის სრული კაბინეტი, პრემიერი და 12 მინისტრი, ემსხვერპლა.
28 აგვისტოს იემენელ ჰუსიტებზე ისრაელის საჰაერო იერიშების შესახებ პირველად ინფორმაცია ჰუსიტების მიერ კონტროლირებულმა Al Masirah TV-მ გაავრცელა, შემდეგ კი ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა და ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურეს.
ერთ-ერთმა ებრაულმა მედიამ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ როგორც ისრაელის დაზვერვამ დღის პირველ ნახევარში შეიტყო, ჰუსიტების 10 მინისტრი, მათ შორის, თავდაცვის მინისტრი და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები დაჯგუფების ლიდერის, აბდულ მალიქ ალ-ჰუსის დაგეგმილი გამოსვლის მოსასმენად იემენის დედაქალაქ სანაას მახლობლად იკრიბებოდნენ.





