მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იემენის დედაქალაქ სანააში ისრაელის საჰაერო იერიშების შემდეგ, რისი სამიზნეც ჰუსიტების სამხედრო მაღალჩინოსნები და თავდაცვის მინისტრი იყვნენ, დაჯგუფების პრემიერმინისტრი, აჰმედ ალ-რაჰავი დაიღუპა.
იემენური გამოცემა Al-Jumhuriya-ს ინფორმაციით, ალ-რაჰავი ისრაელის დარტყმების დროს საკუთარ ბინაში დაიღუპა, ხოლო გაზეთი Aden Al-Ghad წერს, რომ ამავე იერიშს მასთან დაახლოებული რამდენიმე პირიც ემსხვერპლა.
ამასთან, ისრაელელი მაღალჩინოსნები ფიქრობენ, რომ იერიშების დროს დაიღუპა ჰუსიტების თავდაცვის მინისტრი, მოჰამედ ალ-ატიფი და აპარატის უფროსი, მუჰამად აბდ ალ-ქარიმ ალ-ღამარიც, რომლებიც დედაქალაქის მახლობლად კაბინეტის შეხვედრას ესწრებოდნენ.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ისრაელი ჯერ კიდევ ადგენს, შესაძლებელია თუ არა ჰუსიტების დანარჩენი ლიდერების ლიკვიდირების დადასტურება. ისრაელის საჰაერო იერიშების პარალელურად იგეგმებოდა ჰუსიტების ლიდერის, აბდულ-მალიქ ალ-ჰუთის სიტყვით გამოსვლაც, თუმცა ისრაელური წყაროების მიხედვით, იგი სამიზნე ადგილზე არ იმყოფებოდა.
28 აგვისტოს იემენელ ჰუსიტებზე ისრაელის საჰაერო იერიშების შესახებ პირველად ინფორმაცია ჰუსიტების მიერ კონტროლირებულმა Al Masirah TV-მ გაავრცელა, შემდეგ კი ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა და ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურეს.
ერთ-ერთმა ებრაულმა მედიამ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ როგორც ისრაელის დაზვერვამ დღის პირველ ნახევარში შეიტყო, ჰუსიტების 10 მინისტრი, მათ შორის, თავდაცვის მინისტრი და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები დაჯგუფების ლიდერის, აბდულ მალიქ ალ-ჰუსის დაგეგმილი გამოსვლის მოსასმენად იემენის დედაქალაქ სანაას მახლობლად იკრიბებოდნენ.





