რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Bloomberg: მელონის გეგმა ერთ დღეში უკრაინის დახმარებას გულისხმობს, თუ რუსეთი ომს გააგრძელებს

იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიის სახით იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონის მიერ მხარდაჭერილ წინადადებას განიხილავენ, რომელიც NATO-ს კოლექტიური თავდაცვის მსგავს პუნქტს შეიცავს, თუმცა არ გულისხმობს ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას. 

Bloomberg-ის წყაროების მიხედვით, იტალიური გეგმა აცნობიერებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში NATO-ში უკრაინის გაწევრიანება ვერ მოხდება, თუმცა სანაცვლოდ მოკავშირეები გეგმის ფარგლებში კიევს კოლექტიური დახმარების მექანიზმს შესთავაზებენ. 

ანონიმური წყაროების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "NATO-light-ის" ვერსია არ იქნება NATO-ს მეხუთე მუხლის კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება, მექანიზმი უკრაინასთან ორმხრივი შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებს დაავალდებულებს, რომ თავდასხმის შემთხვევაში სწრაფად შეიკრიბონ და შემდეგ ნაბიჯებზე მოითათბირონ. 

წყაროების ცნობით, ამის შემდგომი ნაბიჯები, შესაძლოა, მოიცავდეს უკრაინისთვის სწრაფ და გრძელვადიან თავდაცვით მხარდაჭერას, ეკონომიკურ დახმარებას, უკრაინის არმიის გაძლიერებასა და რუსეთზე სანქციების დაწესებას. თუმცა, Bloomberg-ის მიხედვით, ჯერჯერობით უცნობია, მოიცავს თუ არა გეგმა ინდივიდუალური ევროპული ქვეყნების მიერ უკრაინაში სამხედროების გაგზავნას. 

იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ 20 აგვისტოს გამოცემა Repubblica-ს განუცხადა, რომ მელონის იდეაა, "რომ NATO-მ - როგორც თავდაცვითმა ალიანსმა - შეძლოს უკრაინის მსგავსი უცხო ქვეყნის დაცვა. ალტერნატივის სახით, თითოეულ სახელმწიფოსაც შეუძლია ამ ვალდებულების აღება. საბოლოოდ საუკეთესო მექანიზმის შერჩევა მოხდება. ცხადია, NATO-ს მეშვეობით, საუკეთესო შემაკავებელი საშუალება გარანტირებულია."

ამასთანავე, Bloomberg 20 აგვისტოს წერდა, რომ უკვე დაახლოებით ათმა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ "დამზღვევი ძალები" გაგზავნონ. 

წყაროების თქმით, 19 აგვისტოს ევროპელი მაღალჩინოსნების შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ბრიტანელი და ფრანგი სამხედროების გაგზავნის გეგმა იყო. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამხედრო შემადგენლობის მასშტაბი და შესაძლო განლაგების არეალიც.

პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox & Friends-თან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-მ შესაძლოა, უსაფრთხოების გარანტიის სახით, უკრაინაში გაგზავნილ ევროპულ ძალებს საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს, თუმცა, მან ადგილზე ამერიკელი სამხედროების განლაგება გამორიცხა.

თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის მეორე დღეს ტრამპმა Fox-ს განუცხადა, რომ აშშ-ს ძალებმა შესაძლოა, დახმარება გაუწიონ უკრაინის მოკავშირეებს სამომავლოდ რუსეთის თავდასხმის აღკვეთაში.

"რაც შეეხება უსაფრთხოებას, [ევროპელები] მზად არიან ადგილზე ადამიანები გაგზავნონ," აღნიშნა ტრამპმა. 

"ჩვენ მზად ვართ, ამ კუთხით მათ დავეხმაროთ, განსაკუთრებით, სავარაუდოდ ვსაუბრობ საჰაერო ნაწილზე, რადგან არავის გააჩნია ის, რაც ჩვენ გვაქვს," დაამატა მან.

ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან ერთად გამართული შეხვედრის შემდეგ ხაზი გაუსვა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რაც საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მსურველთა კოალიციის მეშვეობით მოხდება.

ამასთან, 17 აგვისტოს, უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი მსურველთა კოალიციის შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა, რომლებიც კოალიციის თანათავმჯდომარეები არიან, ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ კოალიცია მზადაა, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინაში "დამზღვევი ძალა" გაგზავნოს. 

კომენტარები