აშშ

Reuters: მოპოვებულ სლაიდებში ჩანს, რომ ოქროს გუმბათის სისტემას ოთხი შრე ექნება

Reuters-ის მიერ მოპოვებული აშშ-ს ხელისუფლების პრეზენტაციის მიხედვით, პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწყებულ ოქროს გუმბათის საჰაერო თავდაცვის სისტემას ოთხი შრე ექნება. მათგან ერთი იქნება სატელიტთან დაკავშირებული, ხოლო სამი ხმელეთზე, აშშ-ს ტერიტორიაზე განაწილებული 11 მოკლე რადიუსის ბატარეით. 

გამოცემის მიხედვით, ოქროს გუმბათის პრეზენტაცია გასულ კვირას, ჰანთსვილში თავდაცვის სფეროში მომუშავე კონტრაქტორებთან წარიმართა. 

დონალდ ტრამპმა ისტორიაში პირველი კოსმოსური თავდაცვის სისტემის, "ოქროს გუმბათის" პროგრამის დაწყება მაისში განაცხადა. 

პრეზიდენტის თქმით, პროგრამა დაახლოებით სამ წელში დასრულდება, ხოლო მისი სრული ხარჯი $175 მილიარდს შეადგენს. ტრამპის თქმით, თავდაპირველად პროგრამის დასაწყებად $25 მილიარდი იქნება საჭირო, რისთვისაც შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია კონგრესში წარსადგენად. 

ტრამპმა აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს ისრაელის რკინის გუმბათის მსგავსი ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა მიმდინარე წლის 27 იანვარს დაავალა. ტრამპი აღნიშნავს, რომ ბირთვული თავდასხმებისგან ეფექტური თავდაცვის სისტემის შექმნის იდეა პირველად პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა წამოწია 1983 წელს, თუმცა, იმ პერიოდში შესაბამისი ტექნოლოგიები არ არსებობდა.

კომენტარები