გამოცემა Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპისთვის დათმობის სახით, რუსეთი ჰაერში ცეცხლის შეწყვეტას განიხილავს.
როგორც მედია წერს, კრემლში ხვდებიან, რომ აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივენ უიტკოფის რუსეთში დაგეგმილი ვიზიტი ტრამპთან შეთანხმების მიღწევის უკანასკნელი შანსია. ამასთან Bloomberg-ის წყარო აღნიშნავს, რომ წარმატებული შეთანხმების მოლოდინი დაბალია.
წყაროს განმარტებით, მოსკოვი ტრამპს სავარაუდოდ დრონებითა და რაკეტებით იერიშების შეწყვეტას შესთავაზებს, იმ პირობით, თუ უკრაინაც შეწყვეტს საჰაერო იერიშებს.
ამასთან, Bloomberg წერს, რომ ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე ვლადიმირ პუტინი არ დათანხმდება.
ტრამპმა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის ულტიმატუმი წაუყენა, რომლის ვადა 8 აგვისტოს იწურება. წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ რუსული ნავთობის შემსყიდველ ქვეყნებს მაღალ სანქციებს დაუწესებს.
ვლადიმირ პუტინი ტრამპის ულტიმატუმს ამ დრომდე არ გამოხმაურებია.





